“დღეს, ქართული ბიზნესისთვის მთავარი მიზანი უნდა იყოს ბანკებისგან დამოუკიდებელი კაპიტალის ბაზრის განვითარება”- ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში “ფორსაით ინვესტმენტ გრუპის“ დირექტორის მოადგილე რატი მორჩილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, განვითარებად ქვეყნებში, ბიზნესებისთვის ძალიან ბევრი შესაძლებლობაა მიიღონ მათ საჭიროებაზე მორგებული დაფინანსება.
"კომერციულ ბანკს აქვს რესურსი და აფინანსებს ბიზნესებს, თუმცა აქვს ერთი ტიპის პროდუქტი, უძრავი ქონების უზრუნველყოფილი სესხი. ძალიან ხშირად კომპანიებს ამის გამო ყოველთვიური დაძაბულობა აქვთ ფულად ნაკადებში. კაპიტალის ბაზარი ალტერნატიულ დაფინანსების წყაროებს ქმნის. ამიტომ ბიზნესის ინტერესი სწორედ კაპიტალის ბაზრის განვითარებაა”,- ამბობს რატი მორჩილაძე.
მისივე თქმით, წინა წლების მანძილზე, კაპიტალის ბაზარს კერძო სექტორის მხარეს ლიდერი არ ჰყოლია, რომლებიც დამოუკიდებლები იყვნენ საბანკო ინტერესებისგან და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც კაპიტალის ბაზარი აქამდე ისე ვერ განვითარდა, როგორც ეს ქვეყანას სჭირდება.