საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2026 წლის თებერვლის ბოლოსათვის 67.86 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.03 მილიარდი ლარით, 1.54%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.92%-ით მეტი). დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 18.46% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 1.22 მილიარდი ლარით, ანუ 3.85%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.13%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 190.36 მილიონი ლარით, ანუ 0.54%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 0.09%-ით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2026 წლის თებერვლის ბოლოსათვის 54.03 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 1.41 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 1.21 პროცენტული პუნქტით).
თებერვალში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.17% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.14% , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.35%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 77.62% , ხოლო ევროს წილმა 20.46% შეადგინა.