სალიზინგო კომპანია BB Leasing-ის აღმასრულებელი დირექტორის კოტე სულამანიძის განცხადებით, სალიზინგო სექტორი 30%-იანი ზრდით ხასიათდება.
როგორც მან გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" განაცხადა, ამ ეტაპზე ქართულ ბაზარზე, სალიზინგო სექტორში 5 მოთამაშეა.
"ევროპულ სალიზინგო კავშირში შემავალი ქვეყნების მიერ განხორციელებული ინვესტიცია 484 მლრდ. ევროს შეადგენს, ხოლო საქართველოში ამ სექტორს ჯამში 600 მლნ-ის ინვესტიცია გვაქვს განხორციელებული.
პროცენტულად, რომ შევადაროთ - მაგალითად, ევროპაში წლის განმავლობაში განხორციელებული ინვესტიციების (იგულისხმება საბანკო და სალიზინგო სექტორი) 15% მოდის სალიზინგო კომპანიებზე, ხოლო ჩვენს შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 1.7%-ია. სხვაობა დიდია, თუმცა 30%-იანი ზრდით ხასიათდება სალიზინგო სექტორი და ამ მიმართულებით პოზიტიური ძვრებია. ეს თავისთავად მოიაზრებს კანონმდებლობაში თანხვედრაში ყოფნას.
ლიზინგის განვითარებისთვის 2 მთავარი პირობაა საჭირო. ერთი ის, რომ ზოგადად მეორადი აქტივების ბაზარი იყოს დიდი და მეორე არის გარემოს შექმნა. ევროპულ ქვეყნებს თუ გადავხედავთ, იქ ზედამხედველი ორგანოებიდან მოხდა ბიძგის მიცემა ბანკებისთვის და მათი შვილობილი კომპანიები შეიქმნა. გარდა ამისა, სალიზინგო კომპანიებისთვის საკანონმდებლო დონეზეც იყო შეღავათები და ლიზინგის მიმართულებით, ძირითადად, ბანკების შვილობილი კომპანიები ოპერირებენ. ევროპაში ასეა და ასეა მსოფლიო პრაქტიკაშიც. ანუ, ანალოგიური ხელშეწყობის ფაქტორი თუ შეიქმნება და საგადასახადო კუთხითაც თუ მოხდება ცვლილებები, რა თქმა უნდა, კარგი იქნება.
ქვეყანას ყოველთვის სჭირდება ლიზინგის განვითარება, რადგან ამ სექტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციები ეკონომიკას ზრდის. ამიტომ უფრო მეტი შეღავათია საჭირო პატარა ეკონომიკის ქვეყანაში, ვიდრე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში.
საკანონმდებლო კუთხით ამჟამად ჩვენ საუბარი გვაქვს ქონების გადასახადის კუთხით, რომ სხვა მოქმედ კომპანიებთან თანაბარ პირობებში ვიყოთ. დღეს სხვა მოქმედი კომპანიები ქონების გადასახადს უფრო შეღავათიანი სისტემით იხდიან, ვიდრე სალიზინგო კომპანიები", - აცხადებს კოტე სულამანიძე.