საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს. მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.
ძირითადი ტენდენციები
ინფლაცია
- ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება. ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ გასულ თვეებთან შედარებით ისევ დაიკლო და 0.3% შეადგინა
- საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 1.2% შეადგინა
- ადგილობრივი ინფლაცია დაბალ დონეზე ნარჩუნდება და ოქტომბერში 1.8% შეადგინა
საბანკო სექტორი
- სექტემბერში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 18.8%-ით გაიზარდა
- დეპოზიტების დოლარიზაციამ სექტემბერში 48.8% შეადგინა.
- სექტემბერში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 0.4 პპ-ით, 43.9%-მდე შემცირდა
საგარეო სექტორი
- იმპორტი - სექტემბერში საქონლის იმპორტი წლიურად 4.2%-ით შემცირდა. საქონლის იმპორტის კლება უმეტესად სამომხმარებლო სახის საქონლის იმპორტის მაღალმა შემცირებამ განაპირობა. დაიკლო ასევე საინვესტიციო სახის საქონლის იმპორტმა, ხოლო შუალედური სახის საქონლის იმპორტი ამჯერად ზომიერად გაიზარდა
- ექსპორტი - სექტემბერში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 17.0%-ით გაიზარდა და 615.6 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. საქონლის ექსპორტის ასეთი მაღალი ზრდა მეტწილად სამომხმარებლო სახის საქონლის ექსპორტის მატებამ განაპირობა. ამასთანავე, შუალედური სახის საქონლის იმპორტმა დაიკლო, ხოლო საინვესტიციო სახის საქონლის ექსპორტმა ზრდა განაგრძო
- რეზერვების მთლიანმა მოცულობამ 4.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა
გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.