საქართველოში საბანკო სისტემა სტაბილური და ძლიერია, - ამის შესახებ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების (თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის) აქციების ფასის ცვლილებას.
მისივე თქმით, აღნიშნულის მიზეზებზე საუბარი გარკვეული დროის გასვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
"დღეს ქართული ბანკების სიმყარეს ცალსახად განაპირობებს კაპიტალის რეზერვების მაღალი ლიკვიდობის მაჩვენებელი და ასევე, არსებული აქტივების მაღალი ხარისხი. კაპიტალიზაციის თვალსაზრისით ერთ-ერთი მოწინავე არის საქართველო რეგიონთან მიმართებაში. ამაზე არა ერთხელ საერთაშორისო ინსტიტუტებსაც გაუკეთებიათ აქცენტირება, რომ არა თუ დამაკმაყოფილებელია, არამედ მაღალიც კი არის კაპიტალის მოთხოვნები. საკმაოდ მაღალი ლიკვიდობით არის წარმოდგენილი საქართველოში საბანკო სისტემა, განსაკუთრებით უცხოურ ვალუტაში. ქართული ბანკები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მომხმარებლების მომსახურებას.
ძალიან რთულია კონკრეტულად აქციების, კონკრეტულ მიკრო რეჟიმში ცვალებადობაზე რაიმე კომენტარის გაკეთება, რადგან თვის ბოლოსკენ აქციების ღირებულება გაიზარდა. ამიტომ ძალიან რთულია კონკრეტულ კავშირზე ახლა ვილაპარაკოთ. აქეთა მხარეს არის სტაბილური საბანკო სისტემა, რომელმაც არაერთ კრიზისს გაუძლო - პანდემიას თუ რეგიონში წამოწყებული ორ ომს. შეფასების კუთხითაც არა ერთ ექსპერტს, სარეიტინგო თუ საერთაშორისო კომპანიას, როგორც - მაღალი დონე ისე შეუფასებია. ახლა ძალიან ნაადრევია რაიმე პროგნოზებზე ვისაუბროთ", - აცხადებს ძნელაძე.
გარდა ამისა, ალექსანდრე ძნელაძე გამოეხმაურა ლარის კურსს, რომელიც დღევანდელი ვაჭრობის შედეგად გაუფასურდა და განაცხადა, რომ აღნიშნული ბევრ სხვადასხვა ფაქტორს შეიძლება უკავშირდებოდეს და ჯერჯერობით კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი ნაადრევია.
მისივე ინფორმაციით, საშუალოვადიან და მოკლევადიან პერიოდში ეროვნულ ბანკს შეუძლია, რომ ლარის კურსის ცვალებადობა დააკორექტიროს.
"რაც შემიძლია ვთქვა, ეროვნულ ბანკს შესწევს ძალა, რომ მოკლევადიანი ცვალებადობა შეამციროს და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნება მათი შემდგომი მოქმედებები. ლარის კურსთან მიმართებაში ასეთ მოკლე პერიოდში რამდენად ტრანზაქციებმა იმოქმედა თუ სხვა საკითხმა შეგრძნებების დონეზე ვერ ვისაუბრებ. მონაცემები რომ გვექნება ამ კუთხით შეფასებები შემდეგ უფრო სწორი იქნება, რომ გავაკეთოთ. ლარის კურსზე რეაგირებდა არაერთი ფაქტორი წინა პერიოდშიც და აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია თქმა კონკრეტულმა ტრანზაქციებმა იმოქმედა ახლა თუ არა. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეროვნულ ბანკს ამხელა რეზერვები არ ჰქონია არასდროს. საშუალოვადიან და მოკლევადიან პერიოდში ეროვნულ ბანკს შესწევს ძალა, რომ ეს ცვალებადობა დააკორექტიროს. არ ვამბობ, რომ ეროვნული ბანკი კურსზე მუდმივ ზედამხედველობას განახორციელებს. დღეს ერთდღიან რეჟიმში ცოტა რთული იქნება პროგნოზირება რაიმე კუთხით", - აცხადებს ძნელაძე.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7323 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6866 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0457 ლარი შეადგინა.