logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"SEPA-ში გაწევრიანების მოთხოვნების უმეტესი ნაწილი შესრულებულია" - ეროვნული ბანკი

"SEPA-ში გაწევრიანების მოთხოვნების უმეტესი ნაწილი შესრულებულია" - ეროვნული ბანკი

1760086260

"ევრო გადახდების სივრცეში (SEPA) გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ბოლო წლების განმავლობაში არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რითაც გაწევრიანების მოთხოვნების უმეტესი ნაწილი შესრულებულია და დადებითად არის შეფასებული ევროკომისიის შესაბამისი დირექტორატის (DG FISMA) მიერ,"- ამის შესახებ  საქართველოს ეროვნულ ბანკში  საკითხით დაინტერესებისას "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადეს. 

"მოგეხსენებათ, რომ საქართველომ ოფიციალურად წარადგინა განაცხადი ერთიანი ევრო გადახდების სივრცეში (SEPA) გასაწევრიანებლად. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, რითაც გაწევრიანების მოთხოვნების უმეტესი ნაწილი შესრულებულია და დადებითად არის შეფასებული ევროკომისიის შესაბამისი დირექტორატის (DG FISMA) მიერ.
 
კერძოდ, SEPA-ში გასაწევრიანებლად, სებ-მა, ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე რეგულაცია შეიმუშავა. მათ შორის, აღსანიშნავია საზედამხედველო პოლიტიკისა და პრაქტიკის ევროკავშირის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის დირექტივებთან (AMLD) დაახლოება.
 
ჩამოყალიბდა და განახლდა რიგი მარეგულირებელი დოკუმენტები. მათ შორის, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასების და საკორესპონდენტო ურთიერთობასთან დაკავშირებული რისკების მართვის სახელმძღვანელოები. ასევე,  გადარიცხვის თანმხლები ინფორმაციის შესახებ დებულება და სხვა. უკვე დანერგილია AML ჯარიმების საჯაროდ გამოქვეყნების წესი, რომელიც ხელს უწყობს ფინანსური სექტორის გამჭვირვალობას და სამართლებრივი მოთხოვნების დაცვის ხარისხის ამაღლებას.
 
მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ვირტუალური აქტივების რეგულირების მიმართულებით მიღწეული პროგრესიც. საქართველოს პარლამენტის მიერ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემდეგ, სებ-მა შეიმუშავა ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციისა და რეგულირების ჩარჩო, მოამზადა სამართლებრივი აქტები და სახელმძღვანელო დოკუმენტები, რაც საფუძვლად დაედო Moneyval-ის მიერ საქართველოს  შეფასების გაუმჯობესებას მე-15 რეკომენდაციაზე.
 
ამასთან ერთად, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და სებ-ის მიერ შესრულების პროცესშია რამდენიმე რეკომენდაცია. კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს, ანგარიშთა ცენტრალური რეესტრის მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში შესაქმნელად. კერძოდ, ხორციელდება სწრაფი გადახდების სისტემის (IPS) პროექტის ფარგლებში ცენტრალიზებული ანგარიშთა რეესტრის შექმნა იმგვარი ფორმით, რათა მან სრულფასოვნად დააკმაყოფილოს ევროდირექტივით გათვალისწინებული მოთხოვნები.
 
რაც შეეხება სებ-ის მიერ შესასრულებელ ამოცანებს, მთლიანობაში, SEPA-ში გაწევრიანების დიდი ნაწილი შესრულებულია. აღნიშნული სხვა ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით იძლევა SEPA-ში გაწევრიანების საფუძველს. სებ-ი, ისევე როგორც სხვა პასუხისმგებელი უწყებები, განაგრძობს თანამშრომლობას ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან. ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება გაწევრიანებასთან დაკავშირებით დადებითი იქნება,"-აცხადებენ ეროვნულ ბანკში. 

გამოგვყევით