ფარმაცევტული გიგანტის AstraZeneca-ს საბაზრო ღირებულებამ 200,3 მილიარდ ფუნტ სტერლინგს (233,14 მილიარდი ევრო) მიაღწია და შედეგად, გახდა დიდი ბრიტანეთის ბირჟაზე კოტირებული ერთადერთი კომპანია, რომელსაც ასეთი მაჩვენებელი აქვს. წარმატებაზე გავლენას ახდენს კომპანიის მიღწევები კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტების პორტფელში.
კომპანიის აქციები წლის დასაწყისიდან 19%-ზე მეტად გაიზარდა. AstraZeneca-ს გენერალურმა დირექტორმა პასკალ სორიომ მანამდე განაცხადა, რომ კომპანიას სურს 2030 წლისთვის წლიური შემოსავალი 80 მილიარდ დოლარამდე გაზარდოს.
ამ განცხადებას წინ უძღოდა კომპანიის სტრატეგიის წარმოდგენა, რომელიც კვლევებისა და სამეცნიერო საქმიანობის განვითარებას ეფუძნება.
2030 წლისთვის AstraZeneca გეგმავს 20 ახალი დასახელების მედიკამენტის გამოშვებას.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კომპანიამ მიაღწია წარმატებას წონის კლების პრეპარატების ბაზარზეც, რომელზეც ამ ეტაპზე დომინანტები არიან Eli Lilly და Novo Nordisk. კომპანიამ შეთანხმება გააფორმა ჩინეთის ბიოტექნოლოგიურ ფირმა Eccogene-თან, რომელთან თანამშრომლობით იგეგმება წონის კლების ექსპერიმენტული პრეპარატის შექმნა. პროექტის ბიუჯეტი 1,86 მილიარდი ევროა.
თუმცა ფარმაცევტულ კომპანიას ყველა მიმართულებით არ აქვს წინსვლა. AstraZeneca-ს მერსისაიდში არსებული ვაქცინების საწარმო შესაძლოა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს სახელმწიფო დაფინანსების შესაძლო შეწყვეტის გამო.
jandacva.ge