ქვეყნებში, სადაც ტელეფსიქიატრია აქტიურად გამოიყენება, პაციენტთა ჰოსპიტალიზაცია საგნძრნობლად შემცირებულია. ამის შესახებ გერმანიაში მცხოვრები ფსიქიატრ-ფსიქოთერაპევტი თორნიკე გაგოშიძე პლატფორმა „სფიჩზე“ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბრობს.
იგი ფსიქიატრიის თანამედროვე მსოფლიო ტენდენციებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ გერმანული ჯანდაცვა ბიუჯეტიდან მხოლოდ ერთი დაავადების, დეპრესიის მკურნალობაში 5-დან 7 მილიარდ ევრომდე ხარჯავს წლიურად, აქედან გამომდინარე ფსიქიატრია და ფსიქოთერაპია აქ უმაღლეს დონეზეა განვითარებული. მისი თქმით, სწორედ ასეთმა მაღალმა სტანდარტმა მოხიბლა ის, როგორც სპეციალისტი და გადაწყვიტა სწორედ აქ, გერმანიაში მიეღო სრულად ფსიქიატრიული და ფსიქოთერაპიული განათლება.
გარდა გერმანიაში მუშაობისა, ქართველი კოლეგების, პაციენტების და მათი ნათესავების თხოვნით გადაწყვიტა კვირაში ერთი დღე დაეთმო ქართველი პაციენტებისთვის და მათთვის ჩაეტარებინა ონლაინ კონსულტაციები.
„ტელეფსიქიატრია უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ფსიქიური დაავადებების პრევენციას და მკურნალობას. ტელეფსიქიატრიის და ზოგადად ტელემედიცინის ფარგლებში შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დაუკავშირდეთ თქვენ მკურნალ ექიმს, zoom-ის, whatsapp-ისა თუ სხვა პლატფორმების საშუალებით, კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
ტელეფსიქიატრია იძლევა საშუალებას ისეთ ქვეყნებში, სადაც ფსიქიატრია და ფსიქოთერაპია არ არის განვითარებული, ან კიდევ არ არიან საკმარისად კვალიფიცირებული ექიმები და ფსიქოთერაპევტები, მიუხედავად ამისა მოსახლეობას აძლევს შანსს იმკურნალონ საკუთარ ქვეყანაში და მიიღონ უმაღლესი სტანდარტის სერვისი.
ტელეფსიქიატრია განსაკუთრებით ხელს უწყობს მენტალური დარღვევების დესტიგმატიზაციას, მათ, ვისაც ეშინიათ ან ეუხერხულებათ ფსიქიატრთან კონსულტაციის, ტელემედიცინის ფარგლებში მათ უადვილდებათ ექიმთან დაკავშირება და დროულად ახდენენ მკურნალობის დაწყებას,“ - აღნიშნავს თორნიკე გაგოშიძე.
მისი თქმით, მენტალური ჯანმრთელობის გარეშე არ არსებობს ჯანმრთელობა. ფსიქიკისა და სხეულის განცალკევება არ ხდება, რადგანაც ისინი არიან ერთი მთლიანი, რომელიმე ერთის ავადობა იწვევს ავტომატურად მეორეს ავადობასაც. მაგალითად გულის ინფარქტის შემდეგ პაციენტებს ხშირად უვითარდებათ აფექტური დარღვევები და შფოთვითი აშლილობები, ისევე როგორც ფსიქიატრიულ პაციენტებში ძალიან ხშირია გულსისხლძარღვთა დაავადებები.
„კარგი იქნება, თუ კი სტუდენტები აქტიურად დაინტერესდებიან ფსიქიატრიით. ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით მოხდეს მომავალი ფსიქოთერაპევტების სერტიფიცირება. მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ადასტურებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევები: მოსახლეობის შრომისუნარიანობის შემცირების და ცხოვრების ხარისხის გაუარესების მთავარ მიზეზად სახელდება დეპრესია, შფოთვითი აშლილობები, Burn-out და სხვა ფსიქიკური აშლილობები. სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში ეს ტენდენცია კიდევ უფრო მზარდია.
კარგია ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანი, როგორებიც არიან სპორტსმენები, მსახიობები თუ სხვა ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მოღვაწენი, მაგალითად პრინც ჰარი, ტაისონ ფიური, ბრედ პიტი, ჯიმ ქერი და სხვები ღიად საუბრობენ თავიანთ მენტალურ პრობლემებზე. ასევე უამრავ, ჩვენთვის კარგად ცნობილ და საყვარელ მწერლებს და სხვა არტისტებს, როგორებიც არიან, ერნესტ ჰემინგუეი, სალვადორ დალი, კურტ კობეინი თუ ელვის პრესლი—ჰქონდათ მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ 21-ე საუკუნეში საგრძნობლად გაუმჯობესდა მკურნალობის მეთოდები, ფსიქოფარმაკოლოგიაშიც ძალიან დიდი ძვრები მოხდა, რაც ხელს უყწობს ამ სფეროს სწრაფ განვითარებას“ - აღნიშნავს თორნიკე გაგოშიძე ფეისბუქ-პლატფორმა „სფიჩზე.“