ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს სადაზღვევო სექტორთან თანამშრომლობას, სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევების დაზღვევის პაკეტის შემუშავებაზე.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ევროპასთან ინტეგრაციისა და ჯანდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც ევროპასთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ანგარიშით წარსდგა.
„მუშაობას გავაგრძელებთ სამუშაო სივრცეში უბედური შემთხვევების დაზღვევის წესსა და პროცედურებზე,“ - აღნიშნა მინისტრმა და განაცხადა, რომ ამ მიზნით უწყებას მოუწევს კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ერთად გარკვეული პროდუქტების შემუშავება. ეს, მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დასაქმებულთა დაცვის ხარისხს.
მინისტრის თქმით, საქართველოს ხელი აქვს მოწერილი ღირსეული შრომის პროგრამაზე, რაც მომდევნო წლების სამოქმედო გეგმას წარმოადგენს.
2019 წლის იანვრიდან საქართველოში, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სფეროებში დასაქმებულების სავალდებულო დაზღვევა მოქმედებს, თუმცა არ არის განსაზღვრული ასეთი პაკეტის მინიმალური ღირებულება.
შესაბამისად, დამსაქმებელს შეუძლია ვალდებულება ფორმალურად, მაგალითად 5-ლარიანი პაკეტის შეძენით შეასრულოს, რაც, დასაქმებულის დაშავების შემთხვევაში, მკურნალობის და რეაბილიტაციის რეალური ღირებულების ანაზღაურებას ვერ უზრუნველყოფს.
კანონქვემდებარე აქტების დამტკიცება, რომელსაც ლიმიტები უნდა დაედგინა, ჯერ 2019 წლის სექტემბერში, შემდეგ კი 2020 წელს იგეგმებოდა, თუმცა აღნიშნული პროცესი ბოლომდე არ მისულა.
jandacva.ge