logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ბაზარზე კადრების დეფიციტის პრობლემა ისევ აქტუალურია" - Beauty Studio

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სალონურ მომსახურებაზე ფასები მცირედით გაიზარდა, - ამის შესახებ სილამაზის სალონი Beauty Studio-ს დამფუძნებელმა ნინო პავლიაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისი განმარტებით, ფასების ზრდა სახარჯი მასალის გაზრდილმა ღირებულებამ გამოიწვია. რაც შეეხება მოთხოვნას - ნინო პავლიაშვილის განცხადებით, მიმდინარე პერიოდში, ბანკეტების ფაქტორის გამო მომართვიანობა 10%-მდე გაიზარდა.

"ამჟამად აქტიური საბანკეტო პერიოდია, ზრდა არის, თუმცა არა მაღალი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოთხოვნა 5-10%-ით მეტია. რაც შეეხება ზოგად მაჩვენებლებს, მოთხოვნა სტაბილურია და ვერ ვიტყვით, რომ რაიმე ტენდენცია შეიცვალა", - აცხადებს სალონის დამფუძნებელი.

მანვე აღნიშნა, რომ ბაზარზე კადრების დეფიციტის პრობლემა ისევ აქტუალურია.

"პროფესიონალი კადრების მოძიება რთულია, განსაკუთრებით სტილისტისა და მანიკიურის სპეციალისტის. პროფესიონალი კადრები ხშირ შემთხვევაში სახლში მუშაობენ და სალონებში მუშაობა მათთვის საინტერესო არ არის. ეს ფაქტორი, რა თქმა უნდა, ბიზნესებს ურტყამს. 

გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სალონი იხურება და გარკვეული მიზეზების გამო ვერ უძღვება საქმეს - ბაზარზე მაინც მაღალი კონკურენციაა. ყოველ დღე ახალი სალონი იხსნება. ჩვენ კი ვცდილობთ, რომ მაღალი ხარისხით შევინარჩუნოთ ჩვენი მომხმარებლები და ასევე, კონკურენტულები ვიყოთ", - აცხადებს ნინო პავლიაშვილი.

გამოგვყევით