logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დელეგაცია თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დელეგაცია თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

1794570597

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი და მეხილეობის კვლევის სამსახურის უფროსი ზვიად ბობოქაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტი თურქეთის თესლის მწარმოებელთა კავშირის (TÜRKTOB) ფარგლებში მოქმედი ნერგების მწარმოებელთა ასოციაციის (FÜAB) მოწვევით გაიმართა.

ვიზიტის მიზანს საქართველოსა და თურქეთს შორის მეხილეობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება, თურქეთის სანერგე მეურნეობების გამოცდილებისა და წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა, ასევე ხარისხიანი სარგავი მასალის წარმოებისა და საქართველოში მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის შესაძლებლობების განხილვა წარმოადგენდა.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები FÜAB-ის წარმომადგენლებთან, ასევე თურქეთის შესაბამისი უწყებებისა და სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განხილული იყო თურქეთში წარმოებული ხეხილის პერსპექტიული ჯიშების საქართველოში შემოტანისა და მათი გამოცდის შესაძლებლობები.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ცენტრის წარმომადგენლები იზმირისა და ჩუკუროვას რეგიონებში FÜAB-ის წევრ სანერგე მეურნეობებს ეწვივნენ. დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ ხეხილის სანერგე მასალის წარმოების პროცესს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, სანერგე ასოციაციის სადედე ნარგაობებსა და ინ ვიტრო გამრავლების პრაქტიკას. ასევე, მოინახულეს Odemis Bademli Fidancilik-ის სანერგე მეურნეობა და გაეცნენ თურქეთში მოქმედ ხეხილის ნერგების სერტიფიცირების სისტემას. დელეგაციამ შეხვედრა გამართა იზნიქის მერის მოადგილე აჰმეტ კაიასთან.

ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია თურქული სანერგე მეურნეობების მიერ წარმოებული ხეხილის ჯიშების საქართველოში გამოცდისა და სამეცნიერო შესწავლის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივა. სამომავლოდ დაგეგმილია ცენტრის სხვადასხვა რეგიონულ ბაზაზე თურქული ჯიშების საცდელი, სადემონსტრაციო და საკოლექციო ნარგაობების გაშენება.

აღნიშნული ნარგაობები გამოყენებული იქნება კვლევითი მიზნებისთვის, რაც ცენტრის სპეციალისტებს შესაძლებლობას მისცემს, შეისწავლონ სხვადასხვა ჯიშის ბიოლოგიური და სამეურნეო მახასიათებლები, ადგილობრივ აგროკლიმატურ პირობებთან მათი ადაპტაციის უნარი და საქართველოს მეხილეობის სექტორისთვის მათი პერსპექტიულობა.

თურქეთის ნერგების მწარმოებელთა ასოციაცია (FÜAB) 2008 წლიდან, თურქეთის თესლის მწარმოებელთა კავშირის (TÜRKTOB) ფარგლებში მოქმედი პროფესიული ორგანიზაციაა, რომელიც ხეხილისა და ვაზის ნერგების წარმოებისა და ვაჭრობის სექტორს აერთიანებს.

 

გამოგვყევით