გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი მეგრელიძე სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად თურქეთის ქალაქ ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციას (COP31) დაესწრო.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, კონფერენციის ფარგლებში ირაკლი მეგრელიძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელიც ცენტრალური და დასავლეთ აზიისა და კავკასიონის მყინვარების დაჩქარებულ დნობასა და ამ პროცესებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, ასევე რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას დაეთმო.
"დისკუსიაში მონაწილეობდნენ სომხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების - მწვანე კლიმატის ფონდისა (GCF) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მაღალი რანგის წარმომადგენლები. ირაკლი მეგრელიძემ ისაუბრა კლიმატის ცვლილების გავლენით კავკასიონის გამყინვარების ზონაში მიმდინარე დეგრადაციის პროცესებზე და ყურადღება გაამახვილა პერიგლაციალური არეალებიდან მომდინარე საფრთხეებზე. როგორც სააგენტოს უფროსის მოადგილემ აღნიშნა, კლიმატური რისკების საერთო ხასიათიდან გამომდინარე, სულ უფრო იზრდება რეგიონული თანამშრომლობის, ცოდნის გაცვლისა და კოორდინირებული ქმედებების გაძლიერების საჭიროება, რათა გამოვლინდეს, დაინერგოს და მასშტაბური გახდეს ადაპტაციის ეფექტიანი გადაწყვეტილებები.
დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და კლიმატური გამოწვევების საპასუხოდ ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერების შესაძლებლობები.
გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენცია (COP31) 9- 20 ნოემბერს, თურქეთის ქალაქ ანტალიაში იმართება. კონფერენცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კლიმატის საკითხებზე მომუშავე დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს აერთიანებს.
მისი მიზანია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გლობალური ძალისხმევის გაძლიერება, პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება",-აღნიშნულია ინფორმაციაში.