logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"ვმუშაობთ ჯანდაცვის უწყებასთან ერთად, რომ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა ისარგებლოს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო დაზღვევით"

"ვმუშაობთ ჯანდაცვის უწყებასთან ერთად, რომ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა ისარგებლოს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო დაზღვევით"

1748548320

თვითონ სახელმწიფო ვერ იქნება კერძო სექტორის კონკურენტი, უბრალოდ,  მოხდა ისე, რომ ადამიანებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ჰოსპიტალურ მომსახურებაზე მოცდის 12 თვიანი პერიოდის გამო, რომელსაც მათ კერძო სადაზღვევო ინდუსტრია სთავაზობს, დარჩნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში , -  ასე უპასუხა  სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძემ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერის წამყვანის შეკითხვას, აღიქვამს, თუ არა სადაზღვევო ინდუსტრია ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას კონკურენტად.

„ცხადია, სახელმწიფო ვერ იქნება ჩვენი კონკურენტი. თუმცა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარკვეული შეზღუდვების ამოქმედებამდე, კარგად მიდიოდა ინდივიდუალური დაზღვევის ბაზრის განვითარება, უფრო მეტი პოლისი იყო გაყიდული. როგორც კი ეს შეზღუდვა ჩაირთო, ჩვენც ვალდებული ვართ მოსახლეობას ავუხსნათ, რომ კი ჩვენ შეგვიძლია მოგყიდოთ კარგი პოლისი, მაგრამ მან შეიძლება დაზღვევამდე არსებული დაავადებები, მათ შორის -  ქრონიკული  და მთელი რიგი სხვა დაავადებები არ დაგიფაროთ 12 თვე. სწორედ ამ შეთავაზების შემდეგ, რა თქმა უნდა, ადამიანი იშვიათად ირჩევს ინდივიდუალურ, საცალო დაზღვევას და ამჯობინებს დარჩეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში“, - განმარტა "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

მისივე განმარტებით, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში არის მთელი რიგი პარამეტრები -  მაგალითად, ბავშვებისა და 65 წელს ზემოთ მყოფი ადამიანების შემთხვევები, ონკოლოგიური და სხვა ტიპის ინფექციური მაღალი რისკები, სადაც სახელმწიფო დაზღვევა და კერძო დაზღვევა ერთად ოპერირებენ.

„წელიწად-ნახევრის წინ კანონში ჩაიწერა, რომ თუ ადამიანს აქვს კერძო დაზღვევა და ამ დაავადებებს შევეხეთ, მაშინ პირველი დაფინანსება უნდა გავიდეს კერძო სადაზღვევო ინდუსტრიიდან, ხოლო შემდეგ სახელმწიფო დაზღვევა ერთვება იმ დანაკლისებში, რომლებიც შეიძლება მაგალითად, მაღალ და ძვირად ღირებულ ოპერაციას დასჭირდეს. სწორედ ამას ვგულისხმობ, როცა ვახსენებ თანაგადაკვეთებს. უნდა არსებობდეს ნოზოლოგიები და სწორედ ამაზე ვმუშაობთ ახლა ჯანდაცვის უწყებასთან ერთად, რომ მოხდეს თანაგადაკვეთები - ანუ, ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლოს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო დაზღვევით. ამ შემთხვევაში სახელმწიფო უფრო მეტ თანხას დაზოგავს ბიუჯეტიდან, რადგან თუ კერძო სადაზღვევო კომპანია ფარავს ყველა დანახარჯს პირველ ეტაპზე, მაშინ სახელმწიფოს ხარჯი ნაკლები იქნება“, - აღნიშნა ნინა კობახიძემ.

ცნობისთვის, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით,  2025 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით.

გამოგვყევით