logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

"ოპერაციების ხარისხიც და რაოდენობაც გაიზრდება" - ტრავმატოლოგები საყოველთაო ჯანდაცვაში შესულ ცვლილებას აფასებენ

"ოპერაციების ხარისხიც და რაოდენობაც გაიზრდება" - ტრავმატოლოგები საყოველთაო ჯანდაცვაში შესულ ცვლილებას აფასებენ

1743494632

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესულ მორიგ ცვლილებებთან დაკავშირებით შეფასებებს ტრავმატოლოგები აკეთებენ.

ორთოპედ ტრავმატოლოგ გიგი ჩიხლაძის განცხადებით, სიახლე გამოიწვევს იმას, რომ ოპერაციების რაოდენობაც გაიზრდება და მათი ხარისხიც გაუმჯობესდება.

„არჩევანის სპექტრი გაიზრდება, ოპერაციების არჩევანი უფრო მრავალფეროვანი გახდება, ეს კი ოპერაციებს რაოდენობრივადაც გაზრდის, რადგან არსებობდა კონტინგენტი, რომელიც ვერ ტოვებდა დაფინანსების სისტემას იმიტომ, რომ ის ვერ გადაიხდიდა თანხას სრულად. ფაქტობრივად არსებობდნენ პაციენტები, რომლებიც უბრალოდ ვერ იკეთებდნენ ოპერაციას. შესაბამისად, ეს ცვლილება გაზრდის როგორც ოპერაციის ხარისხს, ისე ოპერაციების რაოდენობასაც,“ - განაცხადა ჩიხლაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მორიგი ცვლილება 28 მარტიდან ამოქმედდა. ცვლილების მიხედვით, პაციენტებს მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცათ. სახსრის ნაწილობრივი ან სრული ჩანაცვლებისთვის, მათ სახელმწიფო პროგრამით სარგებლობაზე, ერთჯერადად, უარის თქმა აღარ მოუწევთ. პაციენტი მხოლოდ სასურველი იმპლანტირებადი მოწყობილობის თანხას გადაიხდის, ოპერაციის სხვა ხარჯებს კი, პაკეტის შესაბამისად, კვლავ სახელმწიფო აუნაზღაურებს.

ამასთან, პაციენტებს თავისუფალი არჩევანის საშუალება რჩებათ. თუ  ბენეფიციარს თანაგადახდით სარგებლობა არ სურს, ოპერაციის ხარჯებთან ერთად, პროგრამით გათვალისწინებული იმპლანტირებადი მოწყობილების ხარჯსაც სახელმწიფო  დაფარავს.

მოქმედი რეგულაციის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სერვისის მიმწოდებელი ყველა სამედიცინო დაწესებულება,  მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების - FDA, MDR ან CE სერტიფიკატის მქონე მასალებს იყენებს.

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში თანაგადახდის  სისტემა ცოტა ხნის წინ ამოქმედდა - პირველ ეტაპზე, სიახლე არჩეული, ე.წ. VIP პალატით სარგებლობას შეეხო. პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და ეტაპობრივად,  სხვა სერვისებზეც გავრცელდება.

DRG-ს ამოქმედების შემდეგ ტრავმატიოლოგებმა ერთ-ერთმა პირველებმა გააპროტესტეს ახალი წესი, რომლის თანახმადაც, პაციენტს სასურველი იმპლანტის შერჩევისთვის თანხის დამატება არ შეეძლო. ტრავმატოლოგები აცხადებდნენ, რომ ზოგ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევისას მიზანშეწონილია კონკრეტული მასალის გამოყენება, რისი საშუალებაც ბევრ პაციენტს არ ჰქონდა. ისინი შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლად სწორედ თანაგადახდის პრინციპის ამოქმედებას ასახელებდნენ. 

jandacva.ge 

გამოგვყევით