logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

რატომ გაძვირდა 200-ზე მეტი სამედიცინო სერვისი 50%-300 %-ით - საკითხს კონკურენციის სააგენტო სწავლობს

რატომ გაძვირდა 200-ზე მეტი სამედიცინო სერვისი 50%-300 %-ით - საკითხს კონკურენციის სააგენტო სწავლობს

1777984977

რა ეტაპზეა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ კლინიკების ფასების შესწავლის საქმე? ამ საკითხზე საუბარია სააგენტოს 2025 წლის ანგარიშში, რომლის თანახმად, პირველ ეტაპზე უწყებამ ინფორმაცია გამოითხოვა მხოლოდ სტაციონარული დაწესებულებებისგან.

საუბარია კლინიკებზე, რომლებსაც ამბულატორიულთან ერთად სტაციონარული მომსახურებაც აქვთ. ესენია ყველა ის მსხვილი კლინიკა, რომლებიც დღეს ქვეყანაში ოპერირებს.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მონიტორინგის დაწყების ერთ-ერთ საფუძველს  საქსტატის მიერ გასაჯაროვებული ინფორმაცია წარმოადგენდა, რომლის მიხედვით, 2025 წლის ივლისში 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამედიცინო მომსახურების ფასები 26%-ით გაიზარდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში მოქმედი სტაციონარული სტატუსი გააჩნია 170, ხოლო ამბულატორიული სტატუსი 2285 კომპანიას. აღნიშნულ რაოდენობაში არ არის გათვალისწინებული სამედიცინო დაწესებულებების ფილიალები, შესაბამისად, მომსახურების გამწევი დაწესებულებების ფიზიკური რაოდენობა ბევრად მეტია.

სააგენტომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სტაციონარული მომსახურებების გამწევი კომპანიები ამავდროულად ახორციელებენ ამბულატორიულ მომსახურებასაც, ასევე გაითვალისწინა ამბულატორიული დაწესებულებების რაოდენობა და პირველ ეტაპზე ინფორმაცია გამოითხოვა მხოლოდ სტაციონარული დაწესებულებებისგან, კერძოდ - სამედიცინო მომსახურების მიწოდების კონკრეტული არხების მეშვეობით მიღებული შემოსავლებისა და მომსახურებების ფასების შესახებ.

„მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ წლების მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებები საერთო შემოსავლების 49.8%-54.3%-ს იღებდნენ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, საიდანაც საშუალოდ 89%-ს წარმოადგენდა სტაციონარული მომსახურების ფარგლებში მიღებული შემოსავალი. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის გარდა მიღებული შემოსავლების ნაწილში, ამბულატორიული მომსახურებით მიღებული შემოსავლები აღემატება სტაციონარული მომსახურებით მიღებულ შემოსავალს და შეადგენს ამ კუთხით მიღებული ჯამური შემოსავლის საშუალოდ 52-55%-ს, რასაც, თავის მხრივ, განაპირობებს ის ფაქტი, რომ სტაციონარული მომსახურების ღირებულება მეტწილად ფინანსდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში,” - ნათქვამია დოკუმენტში.

რადგანაც ეს მონაცემები ეხება იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც სტაციონარულ მომსახურებასაც ახორციელებენ, ამბულატორიული მიმართულებით პაციენტების მიერ გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად აღემატება ამ მონაცემებს.

მონიტორინგის ფარგლებში, სააგენტომ შეისწავლა ბოლო წლების განმავლობაში მსხვილი კომპანიების საფასო პოლიტიკა - ფასის ცვლილება. კერძოდ, მსხვილი კომპანიების მიერ შეთავაზებული 17 959 დასახელების სამედიცინო მომსახურების ფასების პირველადი ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2025 წელს (სექტემბრის თვის ჩათვლით), 100% და მეტით ფასის ზრდა დაფიქსირდა 74 მომსახურებაზე (მათ შორის, ცალკეული მომსახურებებისათვის დადგენილი ფასების ზრდის მაჩვენებელი აღემატება 300%-ს), 50%-დან 100%-მდე ფასი გაიზარდა 159 მომსახურებაზე, 20%-დან 50%-მდე ფასი გაიზარდა 322 მომსახურებაზე, 1%-დან 20%- მდე ფასი გაიზარდა 1092 მომსახურებაზე.

ამასთან, ფასი შემცირდა 538 დასახელების სამედიცინო მომსახურებაზე, ხოლო ფასი არ შეცვლილა 15 749 დასახელების სამედიცინო მომსახურებაზე.

იმ სამედიცინო მომსახურებებთან დაკავშირებით, რომელთა ფასების ზრდის მაჩვენებლებიც აღემატება 50%-ს, სააგენტო არსებულ ეტაპზე სწავლობს ფასების ამგვარი ცვლილების განმაპირობებელ მიზეზებს. მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, შესაბამის ბაზარზე დამატებითი დაკვირვების მიზნით, სააგენტო ინფორმაციას განაახლებს, დააზუსტებს და შედეგად, მოამზადებს მონიტორინგის ანგარიშს 2026 წლის მონაცემებით.

jandacva.ge 

გამოგვყევით