საქართველო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ "ჯივინოსტატს" შეიძენს , - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განავცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ხელშკრულება უკვე გაფორმებულია და საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ მედიკამეტს შეიძენს.
"დღეს წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები იტალიურ კომპანია "იტალფარმაკოსთან", რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება მედიკამენტ "ჯივინოსტატის" შეძენის შესახებ. ეს მედიკამენტი განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც შეიძენს ამ მედიკამენტს და შეიტანს მას დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
მანვე აღნიშნა, რომ ამ მედიკამენტს, დაახლოებით, 30 ბავშვი მიიღებს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რამდენიმე მიმართულებით კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა მიხეილ სარჯველაძეს კონკრეტული მედიკამენტები არ დაუსახელებია.