სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი ვალდებულების ამოქმედება მარტამდე გადაიდო. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 30 დეკემბრის დადგენილებაშია აღნიშნული.
ცვლილება, რომელიც სტომატოლოგების უწყვეტ სამედიცინო განათლების სისტემაში ჩართვას და ტრენინგებზე დასწრებას გულისხმობდა, 1-ელი იანვრის ნაცვლად, 1-ელ მარტამდე გადავადდა. სტომატოლოგიურ კლინიკებს ე.წ „უსგ” ქულებთან დაკავშირებით 1-ელი მარტიდან შეამოწმებენ.
„დაწესებულების/ერთეულის ყველა ექიმ-სპეციალისტი უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში საქმიანობის პროფილის შესაბამისად, ასევე გადაუდებელი მდგომარეობების (მათ შორის, ალერგიული რეაქციებით გამოწვეული) მართვის საკითხებზე და ყოველწლიურად აგროვებდეს არანაკლებ 20 უსგ ქულას წელიწადში.
2024 წელს მოპოვებული ქულების შემოწმება განხორციელდება 2025 წლის 1-ელი მარტიდან. 2025 წლის 1-ელ მარტამდე შესაძლებელია 2024 წელს მოსაპოვებელი ქულების შევსებაც, თუმცა აღნიშნული ქულები არ იქნება ჩათვლილი 2025 წელს მოსაპოვებელი ქულების ჯამურ რაოდენობაში”, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის 30 დეკემბრის დადგენილებაში.
შეგახსენებთ, სტომატოლოგებს უწყვეტ სამედიცინო განათლების (უსგ) სისტემაში ჩართვისა და ტრენინგებზე დასწრებით 20 ქულის დაგროვების ვალდებულება 2025 წლის 1-ლი იანვრიდან უჩნდებოდათ. რეგულაციის გადავადებას წინ უძღოდა სფეროს წარმომადგენლების პროტესტი. კერძოდ, 700-ზე მეტმა სტომატოლოგმა 2024 წლის სექტემბერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს განცხადებითაც მიმართეს, სადაც განმარტებული იყო, რომ უწყვეტი გადამზადების მოთხოვნები მათთვის მისაღები იყო, თუმცა მიიჩნევდნენ, რომ ამ ეტაპისთვის რთულად მისაღწევი იქნებოდა, განსაკუთრებით კი რეგიონში მცხოვრები ექიმებისთვის, რადგან მოთხოვნილ ტრენინგებში მონაწილეობა წლის განმავლობაში 10 000 ლარის ფარგლებში მერყეობდა, რაც რიგ შემთხვევაში სტომატოლოგიური საქმიანობის მიწისქვეშეთში გადასვლას, რიგ შემთხვევაში კი მომსახურების გაძვირება გამოიწვევდა.