სინგაპურმა 16 სახეობის მწერი საკვებად ვარგისი პროდუქტების სიაში შეიტანა და დაამტკიცა. მათ შორის არიან კალიები და ჭრიჭინები.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის თანახმად, დადასტურებულია, რომ ეს მწერები ცხიმების, ცილების, ვიტამინების, ბოჭკოების და მინერალების მდიდარი წყაროა.
სურსათის უსაფრთხოების მკვლევარი პოლ ტენგი ამბობს, რომ სინგაპურის გადაწყვეტილება "ნაბიჯია სწორი მიმართულებით".
"ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ტაილანდი, კამბოჯა და ლაოსი, მწერებს საკვებად თაობების განმავლობაში მოიხმარენ. ასე რომ, აღარ არსებობს ზიზღის ფაქტორი. ეს მათი ნორმალური რაციონის ნაწილია. ეს ჩვევა ახლა ჩვენც უნდა გადმოვიღოთ სინგაპურში, რადგან მწერების ჭამის ისტორია ჯერ გვაქვს" - ამბობს განათლების ეროვნული ინსტიტუტი საერთაშორისო დეკანი და გენერალური დირექტორი პოლ ტენგი.
რესტორნების ნაწილი მწერების იმპორტს ტაილანდიდან ახორციელებს, თუმცა, ისინი იმედოვნებენ, რომ მომავალში საკუთარი მწერების მოშენებასაც შეძლებენ.
"ამ მწერების მოსაშენებლად ვერტიკალური მეურნეობის მოწყობა კარგი იდეაა. ორგანული საკვები, რაც რესტორანში მრჩება - ბოსტნეული თუ ხილი, შემიძლია მათ მოვახმარო. ეს საუკეთესო გზა იქნება, რომ გავიგო რას ჭამენ მწერები, რადგან ეს ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით“ - ამბობს House of Seafood-ის დამფუძნებელი ფრენსის ნგი.
მისივე თქმით, მომხმარებლებისგან საწყის ეტაპზე გამოხმაურება დადებითი იყო.
"ამ მწერებს ზუსტად, მშრალი კრევეტების გემო აქვთ. თუ ასეთი კრევეტები გიყვართ, მოგეწონებათ. თუ დახუჭული თვალებით მიირთმევთ, ვერ მიხვდებით, რომ ჭრიჭინაა“ - ამბობს რესტორნის ერთ-ერთი სტუმარი.
„გემოს თვალსაზრისით, ხორცს უკეთესი გემო აქვს, მაგრამ მე მზად ვარ, დროდადრო ვცადო და ვჭამო ხოლმე, რადგან ეს ჩემთვის სიახლეა“ - ამბობს კიდევ ერთ მომხმარებელი.