31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღეა, ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე 1996 წლიდან აღინიშნება, მას შემდეგ, რაც შავი ზღვის აუზის ექვსი ქვეყნის წარმომადგენელმა სტამბულში ხელი მოაწერა შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ გეგმას.
"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს. მიმდინარე წელს გაფართოვდა საკვლევი არეალი და კვლევები, ყოველთვიურად, უკვე 14 წერტილში ხორციელდება; ისაზღვრება ჰიდრო ბიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.
აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო შავ ზღვაში ახორციელებს კვლევის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა წყლის ეკოლოგია და წყლის ბიომრავალფეროვნება.
ამავდროულად, სააგენტოს მიერ, საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში ყოველწლიურად მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევები, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საზღვაო წყლებში თევზის რესურსების შეფასებას და თევზების მარაგების დადგენას,"-ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
                                                
                         
         
         
         
        