"საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს" (BARTA) კონკურსი დღეს დაიწყო და განაცხადების მიღება 30 ნოემბერს დასრულდება.
როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" მსოფლიო ბანკის უფროსი კონსულტანტი მართვის სფეროში, ირინა გორდელაძე აღნიშნავს, BARTA-ს კონკურსი გრძელვადიან პერსპექტივაში მონაწილე კომპანიებზე, განსაკუთრებით ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით პოზიტიურად აისახება.
"წელს BARTA-ს კონკურსი მონაწილეებს, იმავე პრინციპებსა და ნომინაციებს სთავაზობს - საუკეთესო კომპანია თითოეული კატეგორიაში გამოვლინდება. კერძოდ, კომპანიები სულ 3 კატეგორიის მიხედვით გვყავს დაყოფილი: მსხვილი ფინანსური, არაფინანსური, მცირე და საშუალო ზომის კომპანიები. თითოეული კატეგორიიდან პრიზები წარმოდგენილი, როგორც საუკეთესო კომპანიისთვის იქნება, ასევე წამახალისებელი და მდგრადობის ანგარიშის პრიზი გვექნება. მეათე პრიზი კი, განსაკუთრებული ნომინაციაა, აღნიშნული ნომინაციით ახალბედა კომპანიების წახალისება გვინდა, რომლებსაც აქამდე კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ: ბანკებს, სადაზღვევო კომპანიებს, სახელმწიფო საწარმოებს და ა.შ", - აცხადებს ირინა გორდელაძე.
მსოფლიო ბანკის უფროსი კონსულტანტი მართვის სფეროში კომპანიის გამჭვირვალობის შესახებ დეტალურად საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ გამჭვირვალობა ყველა ბიზნესს ობიექტისთვის უპირველესად მნიშვნელოვანია.
"გამჭვირვალობა ნდობას ნიშნავს, აქ არა მხოლოდ ინვესტორი, კომერციული ბანკები იგულისხმება, არამედ მნიშვნელოვანია კომპანიის მომხმარებლები. პირველ რიგში, ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, ყველა კვლევა, რომელიც ჩატარდა ადასტურებს, რომ კომპანია, რაც უფრო მეტად გამჭვირვალეა მეტი ინვესტიცია შეუძლია, მოიზიდოს. გარდა ამისა, მსოფლიო ტენდენცია გახლავთ - მომხმარებელი ისეთი კომპანიის ნაწარმს ყიდულობს, რომელიც ინფორმაციას არ მალავს და გარკვეულ სტანდარტს შეესაბამება", - აღნიშნავს ირინა გორდელაძე.
ცნობისთვის, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს“ (BARTA) კონკურსი დაიწყო.
მარეგულირებლის ინფორმაციით, BARTA არსებობის ექვსწლიანი ისტორიით, საქართველოში კორპორაციული სფეროს მნიშვნელოვანი ნაწილია. კონკურსის მიზანია ქართული კომპანიების ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება. ამ ჯილდოს, მდგრადი ანგარიშგების დანერგვის თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯების შემდეგ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. კონკურსს წელს, საქართველოს ეროვნული ბანკი, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური და ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს ბიზნესს ასოციაციის მხარდაჭერით აცხადებს.
 
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
         
                                                
                         
         
         
         
        