საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციამ "ვეისთლესი" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრები გამართა. შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ესწრებოდნენ, პროექტის "ეკომეგობრული აჭარა" პრეზენტაცია მოეწყო. ამასთან, საუბარი შეეხო ნარჩენების მართვის პოლიტიკას, მიღწევებს, გამოწვევებსა და უახლოეს გეგმებს. შეხვედრაზე მერიებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებიც გაფორმდა.
რამდენიმე დღის განმავლობაში ასოციაციის წარმომადგენლებმა პროექტის ფარგლებში აჭარის ექვს მუნიციპალიტეტში (ბათუმი, ხულო, ქობულეთი, ქედა, შუახევი და ხელვაჩაური) საგანმანათლებლო შეხვედრები გაიმართება, რომელიც 29 ოქტომბერს დასრულდება. პროექტის მეორე ეტაპზე შერჩეულ სკოლებში კი ელექტრონარჩენების შესაგროვებელი ინფრასტრუქტურა განთავსდება. ამის შემდეგ, 30 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით ორკვირიანი კონკურსი ჩატარდება, რომლის ფარგლებში მოსწავლეები ერთის მხრივ, ელექტრონარჩენებს შეაგროვებენ, მეორეს მხრივ სოციალურ მედიაში კამპანიას განახორციელებენ, რათა თანატოლებსა და საზოგადოებას ნარჩენების სწორი მართვის მნიშვნელობა გააცნონ.
კონკურსის გამარჯვებულები ის სკოლები გახდებიან, რომლებიც ყველაზე მეტ ელექტრონარჩენს შეაგროვებენ. პროექტი 28 ნოემბერს ბათუმში მასშტაბური ეკოფესტივალით დასრულდება. ღონისძიების ფარგლებში გამარჯვებული სკოლები სოლიდური პრიზებით დაჯილდოვდებიან. სტუმრებს ასევე ელოდებათ ეკომეწარმეების გამოფენა, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები და მუსიკალური კონცერტი.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა იცოდნენ, როგორ მოიქცნენ მაშინ, როცა ელექტრონული მოწყობილობა აღარ სჭირდებათ - სად ჩააბარონ და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ის ჩვეულებრივ ნაგავში არ მოხვდეს. სწორედ ამას ემსახურება პროექტი „ეკომეგობრული აჭარა“ , კერძოდ, ელექტრონარჩენების სწორად შეგროვების პოპულარიზაცია, მოსახლეობაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებამ ნარჩენების მართვის სწორი პრაქტიკის დანერგვა და გარემოზე ზრუნვის კულტურის გაძლიერება. აღნიშნული პროექტი „ვეისთლესის“ მიერ რეგიონებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებული ინიციატივების გაგრძელებაა. მსგავსი კამპანია მიმდინარე წლის აპრილ-მაისში კახეთში ჩავატარეთ. ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით დაახლოებით 48 ტონა ელექტრონარჩენი შეგროვდა, რაც გვაჩვენებს, რომ ერთობლივი ძალისხმევით რეალური შედეგების მიღწევა შეგვიძლია. გვინდა, ეს გამოცდილება აჭარაშიც გავიზიაროთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა და ერთად ვიზრუნოთ უფრო სუფთა და ჯანსაღ გარემოზე“, — აცხადებს საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია „ვეისთლესის“ თავმჯდომარე გიორგი გულიაშვილი.
„ვეისთლესის“ მიზანია, ახალგაზრდები გარემოს ელჩებად იქცნენ, ისწავლონ ელექტრონარჩენების სწორი მართვა და მიღებული ცოდნა სხვებსაც გაუზიარონ. ელექტრონარჩენები არ უნდა გადაიყაროს საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად, რადგან მნიშვნელოვანია მათი ცალკე შეგროვება და გადასამუშავებლად ჩაბარება.
საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია „ვეისთლესი“, რომელიც 17 375 ბიზნესკომპანიას აერთიანებს, ნარჩენების მდგრადი მართვის ხელშეწყობისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს მსგავსი ინიციატივების განხორციელებას.