ავსტრიის "ლეობენის" სამთო უნივერსიტეტსა და სტუ-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში საქართველოში ერთობლივი კვლევითი ჰაბი ჩამოყალიბდება, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი ხეცურიანმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისი თქმით, პროექტი ავსტრიის ელჩის საქართველოში ხელმძღვანელობით განხორციელდება. გარდა ამისა, გიორგი ხეცურიანის ინფორმაციით, სტუ-ს 20 სტუდენტს შესაძლებლობა ექნება ავსტრიაში 6-თვიანი სწავლება უფასოდ გაიაროს და ამისთვის შესაბამისი კონკურსი გამოცხადება.
"ავსტრიის ლეობენის სამთო უნივერსიტეტსა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემურანდუმს მოეწერა ხელი. გამოისახა რამდენიმე მიმართულება, რომელზედაც მომავალში ერთობლივად ვიმუშავებთ. ეს არის - "ერასმუსში" ჩვენი სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა, ასევე, ერთობლივი კვლევითი ჰაბის საქართველოში ჩამოყალიბება, რომელსაც ორივე უნივერსიტეტის რექტორები ჩაუდგნენ სათავეში.
გარდა ამისა, ავსტრიის მთავრობის დახმარებით, ლეობენის უნივერსიტეტმა გადმოგვცა 20 გრანტი, სადაც 10-10 სტუდენტი შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრში 30-კრედიტიან 6-თვიან სწავლებას ავსტრიაში სხვადასხვა მიმართულებით გაივლიან. აღნიშნულს ავსტრიის მხარე დააფინანსებს“, - აცხადებს გიორგი ხეცურიანი.
ცნობისთვის, სამთო-გეოლოგიური მიმართულებით კომპანია "არემჯი" და ტექნიკური უნივერსიტეტი ავსტრიაში სამდღიანი საქმიანი ვიზიტით ლეობენის სამთო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ. ვიზიტის მიზანი კი კერძო სექტორს და ორ ქვეყანას აკადემიური და სამეცნიერო წრეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, ერთობლივი სასწავლო პროგრამების განვითარებაზე მსჯელობა და სამთო-გეოლოგიური მიმართულებით ქართველი სპეციალისტების გადამზადების შესაძლებლობები იყო.