საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლება შენარჩუნდება. ცვლილებას “საქართველოს მოქალაქეობის” შესახებ კანონი ითვალისწინებს, რომლის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.
კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს, რომლებმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობა დაკარგეს, ასევე მოქალაქეებს, რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, შესაძლებლობა ექნებათ, 2027 წლის 1 იანვრამდე სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართონ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების მოთხოვნით.
მოქმედი კანონმდებლობით, ეს ვადა 2024 წლის 31 დეკემბრამდეა განსაზღვრული.
როგორც განმარტებით ბარათში წერია, სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის მსურველთა რაოდენობა ისევ მაღალია.
• 2021 წელს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართა 1073-მა საქართველოს ყოფილმა მოქალაქემ, ხოლო საქართველოს 5286-მა მოქალაქემ მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება;
• 2022 წელს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სააგენტოს მიმართა 3064-მა საქართველოს ყოფილმა მოქალაქემ, ხოლო საქართველოს 13406-მა მოქალაქემ მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება;
• 2023 წელს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სააგენტოს მიმართა 1999-მა საქართველოს ყოფილმა მოქალაქემ, ხოლო საქართველოს 6016-მა მოქალაქემ მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება;
• 2024 წლის 1 იანვრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით სააგენტოს მიმართა 1776-მა საქართველოს ყოფილმა მოქალაქემ, ხოლო საქართველოს 7588-მა მოქალაქემ მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება.
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის და ასევე სააგენტოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, განცხადებების საფასურის კუთხით, ვინაიდან შესაბამის პირებს, რომლებიც მიმართავენ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით, მოუწევთ შესაბამისი მომსახურების საფასურის – 500 ლარის გადახდა. მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის შემთხვევაში გადასახდელი იქნება 325 ლარი, ხოლო მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების შემთხვევაში საფასური შეადგენს 65 ლარს.