logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ქართული ღვინო იაპონურ საჭმელებს ძალიან შეეფერება და ინტერესიც გაზრდილია" - ექიმის ბიო მარანი

უცხოურ, კერძოდ, იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობა გაზრდილია. როგორც "ბიზნესპარტნიორთან" გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩუმლაყში მდებარე, ექიმის ბიო მარნის დამფუძნებელი, მარინა კაკიაშვილი რუაძე აღნიშნავს, ქართული ღვინო იაპონურ საჭმელებს ძალიან შეეფერება, შესაბამისად, უცხოელი მომხმარებლების დაინტერესებაც გაზრდილია.

მარნის დამფუძნებლის აზრით, უცხოეთის ბაზარზე სწორი მარკეტინგული კუთხით აქტიური მუშაობა აუცილებელია.

"ქართული ღვინო იაპონურ საჭმელებს ძალიან შეეფერება. შესაბამისად, უცხოურ ბაზარზე ჩვენი პროდუქტი დღითიდღე უფრო მოთხოვნადი ხდება. ამ ყველაფრის პოპულარიზაციას საქართველოს საელჩო იაპონიაში და ღვინის ეროვნული სააგენტო ძალიან ეწევა. ქართული ღვინო იაპონიაში უკვე ცნობილია... განსხვავებული გემოვნური თვისებები, ისტორია დიდ როლს თამაშობს, ცხადია, უცხოელი ბაზრის მომხმარებლები ამ ყველაფრით ინტერესდებიან. მოგეხსენებათ იაპონელები ტრადიციული ხალხია და სხვის კულტურასაც აფასებენ. ჩინური ბაზარიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩამოთვლილი კომპონენტების ერთად შეკვრით კი, ქართული ღვინო უცხოელებისთვის ღირებულია.

ამავდროულად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - მარკეტინგული ჩართულობა. კერძოდ, რაც მეტი იქნება საქართველოს მხრიდან, უცხოური ბაზრის მიმართულებით მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა მით უკეთესია. განსაკუთრებით უნდა გამოვყო, მცირე მარნები, მათ განსაკუთრებით სჭირდებათ სახელმწიფოს მხრიდან ხელის შეწყობა. ძალიან კარგი საკონსულტაციო სერვისებია, მაგრამ უშუალოდ სხვადასხვა, აღჭურვის გრანტები, პროექტები, რომ იყოს ძალიან კარგი იქნებოდა", - აღნიშნავს მარინა კაკიაშვილი რუაძე.

მარინა კაკიაშვილი საკუთარი ღვინის შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ წლის განმავლობაში წარმოებული - 5 000 ბოთლიდან ნახევარი ინგლისში გადის, მეორე ნახევარი კი, სწორედ იაპონიაში იყიდება.

"საკუთარი ვენახი მაქვს, რომელიც 1 ჰექტარს მოიცავს. მცირე მეწარმეობას ვეწევი, თუმცა ორიენტირებული ვარ, რომ პრემიუმ ხარიხის ღვინო ვაწარმოო. ჯამში 3 ჯიშის ყურძნისგან 5 სახეობის ღვინოს ვიღებ. კერძოდ, გაშენებული მაქვს: რქაწითელი, საფერავი და ხიხვი, ხოლო ვაწარმოებ: საფერავს, რქაწითელს, ევროპულად დაყენებულ საფერავს და როზეს. მინდა გითხრათ, რომ მომხმარებლების მხრიდან, თითქმის ყველა ღვინოზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ამჟამად, წარმადობა გავზარდე და 5 000 ბოთლამდე ღვინოს ვაწარმოებ. ამ ყველაფრის პარალელურად, მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა.

ექსპორტს რაც შეეხება, იაპონიასა და ინგლისში გავდივარ. 5 000 ბოთლიდან ნახევარი ინგლისში იყიდება და ნახევარი -  იაპონიაში. უცხოეთის ბაზარზე კონკურენცია დიდია, თუმცა მე ბუნებრივ, ბიო ღვინოს ვაწარმოებ, რაც იმას ნიშნავს, რომ ვენახის მოვლა ყოველგვარი ქიმიური ქიმიკატების გარეშე ხდება, როგორი ხასიათის ღვინოც ჩამოყალიბდება ზუსტად ისეთია", - აცხადებს მარნის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩუმლაყში მდებარე, ექიმის ბიო მარნის ვენახი 1 ჰექტარზეა გაშენებული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავამ “ბიზნესპარტნიორთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართული ღვინის უნიკალური ისტორია საკმარისი არ არის და აღნიშნულ ქვეყანაში მარკეტინგული კომუნიკაცია სტრატეგიულად უნდა დაიგეგმოს.

გამოგვყევით