logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"სასკოლო ფორმებზე საერთაშორისო ტენდერი არ გამოგვიცხადებია - ჩვენი მიზანი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერაა" - მინისტრი

სასკოლო ფორმების შესყიდვასთან დაკავშირებით ჩვენი მიზანია ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და არ გამოგვიცხადებია საერთაშორისო ტენდერი, თუმცა ბაზრის კვლევაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართულმა, ისე უცხოურმა კომპანიებმა, რაც კანონმდებლობით დაშვებულია. სამწუხაროდ, გამოვლენილმა კომპანიებმა ვერ დააკმაყოფილეს მოთხოვნები, რის გამოც პროცესი შეწყდა და ბაზრის კვლევა განმეორებით გამოცხადდა, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბაზრის კვლევის დაზუსტების პროცედურები და უახლოეს  პერიოდში გამოვლენილი იქნება გამარჯვებული კომპანია.

მინისტრმა აღნიშნა, რომ 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ფორმით, ხოლო 1-ელი სემესტრის განმავლობაში მე-2-ე, მე-3-ე, მე-4ე, მე-5-ე, მე-6-ე კლასის მოსწავლეებიც.

"სასკოლო ფორმა ხელს უწყობს დისციპლინისა და სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ, ამცირებს სოციალურ განსხვავებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. მშობლებისთვის ხშირად ამცირებს ყოველდღიურ ხარჯებს და აყალიბებს მოწესრიგებულ და აკადემიურ გარემოს. 

(შესყიდვის) პროცესი რამდენიმე მექანიზმით არის გადაზღვეული. ეს არის საბანკო გარანტიები, ეტაპობრივი მიწოდების კონტროლი, ხარისხის საექსპერტო შემოწმება და შესაბამისი ადმინისტრაციული მონიტორინგი. იქიდან გამომდინარე, რომ საუბარი გვაქვს საკმაოდ დიდ მოცულობაზე - 1 800 000 ტანსაცმლის ერთეულის შესყიდვა-მოწოდებაზე - ეს პროცესი ეტაპობრივად დაიგეგმა. ჩვენი მოლოდინია, რომ 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ფორმით, ხოლო 1-ელი სემესტრის განმავლობაში მე-2-ე, მე-3-ე, მე-4ე, მე-5-ე, მე-6-ე კლასის მოსწავლეები. სასკოლო ფორმა  უნდა იქცეს არა მხოლოდ სავალდებულო ატრიბუტად, არამედ სკოლის იდენტობისა და კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად. 

რატომ მხოლოდ 1-ელიდან 6-ე კლასის ჩათვლით?! ჩვენ სკოლაში ფორმას არ ვაბრუნებთ, ჩვენ სკოლაში ფორმის კულტურა შემოგვაქვს იმიტომ,რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საჯარო სასკოლო ფორმა არ ყოფილა. ჩვენი მიზანია, რომ ნებისმიერი ნაბიჯი წინასწარ იქნეს შეფასებული, თუ რა რისკებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული და სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სკოლის ფორმის კულტურის დამკვიდრება ქვედა კლასებში დაგვეწყო და ყოველწლიურად თითო კლასი დაგვემატებინა. თუკი მეექვსე კლასელები პირველი სემესტრის განმავლობაში ჩაიცვამენ ფორმას, მომდევნო წელს შევა ცვლილება ნორმატიულ აქტში და მეექვსე კლასს დაემატება მეშვიდე კლასი და ა.შ. რამდენიმე წლის განმავლობაში ფორმის კულტურა ჩამოყალიბდება, ბავშვები შეეჩვევიან და არანაირ კონფრონტაცია არ იქნება", - აცხადებს განათლების მინისტრი.

გამოგვყევით