logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"თბილისის ავტოპარკს დაახლოებით 200 ახალი ავტობუსი დაემატება" - ნინო ბაგაშვილი

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის, ნინო ბაგაშვილის განცხადებით, დედაქალაქში დაახლოებით 200 ერთეული ავტობუსის დამატება იგეგმება.

როგორც მან „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტა, ახალი ავტობუსების შესყიდვა სავარაუდოდ, მომდევნო წლის ბოლოდან დაიწყება.

მისი თქმით, იგეგმება 12- ან 10-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა.

„დაახლოებით 200 ერთეული ავტობუსის დამატება იგეგმება. სავარაუდოდ, მომდევნო წლის ბოლოდან უკვე დაიწყება ახალი ავტობუსების შესყიდვა. ახლა დედაქალაქში 1 000-მდე ავტობუსი გადაადგილდება, რაც, სამწუხაროდ, საკმარისი არ არის. ჯერ კიდევ გვაქვს უბნები, რომლებსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ ვემსახურებით, რაც იმის აუცილებლობას წარმოქმნის, რომ  შემადგენლობა დავამატოთ. იგეგმება არა 18-მეტრიანი, არამედ 12- ან 10-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა, თუმცა ეს ყველაფერი საჭიროებებიდან გამომდინარე, კვლევით დაზუსტდება“, - განაცხადა ნინო ბაგაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს თბილისისთვის საცობები ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომელზეც კომპლექსური მუშაობაა საჭირო. ნინო ბაგაშვილი მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი გამოსავალი ავტომობილზე დამოკიდებულების შემცირებაა.

„მანქანაზე დამოკიდებულების შემცირება არ გულისხმობს მანქანით მგზავრობის აკრძალვას, არამედ სხვა ალტერნატიული საშუალებების წახალისებას გულისხმობს, როგორიც არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ფეხით, ველოსიპედით გადაადგილება და ასე შემდეგ“, - განაცხადა ნინო ბაგაშვილმა.

მისივე თქმით, თბილისის მერია აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება მაქსიმალურად კომფორტული იყოს.

გამოგვყევით