კომპანია „აგროლეინი“ წელს ლურჯი მოცვის ექსპორტის 20-30%-იან ზრდას ელის. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ღვინიაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, „აგროლეინისთვის “ მთავარი სარეალიზაციო ბაზარი გალფის ქვეყნებია.
„ჩვენი მნიშვნელოვანი ბაზარია გალფის ქვეყნები -საუდის არაბეთი, ქუვეითი, ომანი. კრეფის დაწყებისთანავე დავიწყეთ გადატვირთები. ყოველდღე ორ-სამ ქვეყანაში ვაგზავნით მოცვს. იმედი გვაქვს, რომ ექსპორტი ამ ბაზრებზე 20-30%-ით გაიზრდება,“-აღნიშნავს გიორგი ღვინიაშვილი.
მისივე თქმით, კომპანიამ გასულ წელს ადგილობრივი ბაზრის ათვისებაც აქტიურად დაიწყო და წელს ამ კუთხით რეალიზაციის ზრდის გეგმები აქვთ.
„გასულ წელს პირველად დავიწყეთ ადგილობრივი ბაზრისთვის პროდუქციის მიწოდეაბა. დავინახეთ, რომ საკმაოდ დიდი პოტენციალია. ვფიქრობთ, გაყიდვებს შარშანდელთან შედარებით გავაორმაგებთ,"-აღნიშნავს გიორგი ღვინიაშვილი.
მისივე განმარტებით, მოცვის სარეალიზაციო ფასი სეზონის დაწყების პერიოდში 30-35 ლარსაც კი აღწევდა. თუმცა, პროდუქტის ღირებულება როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე მერყეობს და ამ ეტაპზე ათ ლარს შეადგენს.
„გამოწვევებს რაც შეეხება, ჩვენი პლანტაციები იმერეთში მდებარეობს. წელს, სამწუხაროდ მოსავლის 20-25% დავკარგეთ ძლიერი ქარის და წვიმების გამო,"-აღნიშნავს გიორგი ღვინიაშვილი.
ცნობისთვის, „აგროლეინი“ ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარია. საწარმოში 455,000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 182,000 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 227,500 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.