logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"ბიო მევენახეობა ტენდენციური, ტრენდული და მზარდი გახდა" - "ვილა მოსავალი"

ახალუბანში, თბილისიდან 20 კილომეტრში მდებარე მეღვინეობა "ვილა მოსავალის"  გენერალური მენეჯერის, ნიკოლოზ შეყრილაძის ინფორმაციით, ღვინის სექტორში ბიო მევენახეობის მიმართულებით ცნობიერება ამაღლდა, კერძოდ, ტენდენციური, ტრენდული და მზარდი გახდა.

როგორც ნიკოლოზ შეყრილაძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ბიო მევენახეობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით აქტუალური საკითხია.

"ბიო მეღვინეობის მიმართულება, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ქართული ბიო მევენახეობის პოტენციალის სრულად ათვისება საინტერესოა. თუ ამ თვალსაზრისითაც, სხვადასხვა, სექტორის წარმომადგენლების მხრიდან აქტივობა გაიზრდება, ცხადია, მისასალმებელია. სწორი სტანდარტებით ბიო მევენახეობის განვითარება ძალიან რთულია - დიდ ფინანსურ შესაძლებლობებს და ღრმა ცოდნას მოითხოვს. კერძოდ, აღნიშნული მიმართულებით, როდესაც მუშაობას იწყებ, თუნდაც 10 წელი მიწა, სხვადასხვა, შხამქიმიკატებით შეწამლული არ უნდა იყოს. რთული პროცესია, მაგრამ 5-დან 10 წელიწადში სასურველ ნიშნულამდე მივალთ. მიუხედავად იმისა, რომ ბიო მევენახეობა ყოველწლიურად მზარდი ხდება, მაინც დაგვიანებულია, სასურველ შედეგზე გასული არ ვართ, მაგრამ ახლა მოქმედების დაწყება სჯობს, რომ სამომავლოდ უკეთესი შედეგი გვქონდეს", - აღნიშნავს "ვილა მოსავალის" გენერალური მენეჯერი. 

ნიკოლოზ შეყრელაძე "ბიზნესპარტნიორთან" გაფართოების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ოქტომბერში ტურისტულ ობიექტს რესტორანი დაემატება.  

"პირველ რიგში, ოჯახური მეღვინეობა გვაქვს, ვენახის ფართობი 40 ჰექტარს მოიცავს. სარეალიზაციო ბოთლის რაოდენობა 100 000-ს შეადგენს, წარმადობას, რაც შეეხება წელიწადში 350 000 ტონა ყურძენს ვაწარმოებთ, რაც დაახლოებით, 300 000 ბოთლია. სრულ რეალიზაციას არ ვახდენთ - მარტივი მიზეზის გამო, ხარისხის შენარჩუნება გვინდა, კერძოდ, ღვინის დავარგების პროცესი მინიმუმ 2 წლიანი გვაქვს.

გაფართოებას, რაც შეეხება, პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ მეღვინეობა ჩვენი ძირითადი საქმიანობაა. ამასთან, ახალი აუზის მშენებლობა დავასრულეთ და უკვე გავხსენით კიდეც - დაინტერესება არსებობდა, ამიტომ მომხმარებლების ინტერესს ადეკვატურად ვუპასუხეთ. აუზით სარგებლობის ღირებულება ერთი დღე - 100 ლარს შეადგენს. ამასთან, ახალი რესტორნის გახსნას ოქტომბერში ვაპირებთ - ძალიან საინტერესო პროექტია, რადგან თბილისთან 20 კილომეტრის მანძილზე მსგავსი სივრცე არ არსებობს, (ღვინის მარანი, აუზი, რესტორანი) ყველაფერი ერთ ადგილზეა მოქცეული. ბაზრის კვლევებმა აჩვენა, რომ მომხმარებლებისთვის საინტერესო შეთავაზება გვექნება, შესაბამისად, გვინდა ჩვენი ნიშა დავიკავოთ" - აღნიშნავს კომპანიის გენერალური მენეჯერი.

ნიკოლოზ შეყრელიძე უშუალოდ ღვინის შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომპანია ექსპორტის მიმართულებითაც ფართოვდება. კერძოდ, სავარაუდოდ, მომავალ წელს  კომპანიის მიერ წარმოებული ღვინო კანადის ბაზარზე გავა

"ექსპორტს რაც შეეხება, აშშ, ლატვიასა და ევროპის ქვეყნებს მოვიცავთ. კანადაში გვინდა ღვინის გატანა და ახლა აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს. დაბოლოს, ერთი საინტერესო ტენდენციაც მინდა გაგაცნოთ, ჩვენი მომხმარებლების უმრავლესობას, ვგულისხმობ, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ მომხმარებლებს, განსაკუთრებით, 2018 წლის მოსავლიდან, განსხვავებული გემოვნური თვისების მქონე ღვინო "საფერავი რეზერვი" მოსწონს", - აცხადებს კომპანიის გენერალური მენეჯერი.

ცნობისთვის, ღვინის კომპანია  "ვილა მოსავალი" ახალუბანში, თბილისიდან 20 კილომეტრში მდებარეობს. ვენახის ფართობი 40 ჰექტარს მოიცავს. სარეალიზაციო ბოთლის რაოდენობა 100 000-ს შეადგენს, წარმადობას, რაც შეეხება, კომპანია წელიწადში 350 000 ტონა ყურძენს აწარმოებს, რაც დაახლოებით, 300 000 ბოთლის ტოლფასია.

გამოგვყევით