logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

ბოლნისის ღვინოები მერანოს ღვინის ფესტივალზე

ბოლნისის ღვინოები მერანოს ღვინის ფესტივალზე

1763372567

კომპანია არემჯის მხარდაჭერით, ბოლნისის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალის კონკურსში გამარჯვებული 11 ღვინო და ქართულ-გერმანული ღვინის სახლის მიერ შერჩეული 5 საუკეთესო ბოლნისური ღვინო იტალიაში მერანოს ღვინის ფესტივალზე იყო წარმოდგენილი. 

მერანოზე მონაწილეობის მე-10 საიუბილეო წელს,  პირველად ქართულ ღვინოებს ცალკე საპრეზენტაციო დარბაზი დაეთმოთ. ასევე ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, 500 სტუმრიან საზეიმო გალა ვახშამზე, სტუმრებს ქართული კერძით და ღვინით გაუმასპინძლდნენ.

მერანოს ღვინის კონკურსში, ბოლნისის ღვინის ფესტივალის მიერ წარდგენილი 11 დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინიდან - 4-მა ოქრო (მუხიგული 1770 - ბოლნისი წითელი 2020; მადლიერი მამა - საფერავი 2022; მეღვინეობა ავანდური - ქინძმარაული; შატო სვანიძე - მუკუზანი 2015;) ხოლო 2-მა ვერცხლის (რაჭისუბანი - ბოლნისი წითელი 2024; მეღვინეობა ჯაფარიძე -საფერავი 2023) შეფასება  დაიმსახურა. ფესტივალზე აღიარება მოიპოვეს ქართულ-გერმანული ღვინის სახლის მიერ წარდგენილმა ღვინოებმა - 3 ვერცხლი (ბოლნისის ძველი მარანი - ასურეთული შალა 2022; ვილა კელასური - რქაწითელი 2024; შალოს მარანი - საფერავი 2020;); ჯამში ბოლნისის ღვინოებმა - 7 ჯილდო მიიღეს.

„არემჯის და გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ თანამშრომლობის შედეგად, უკვე მრავალი წელია ბოლნისური ღვინის არაერთი მხარდამჭერი აქტივობა ხორციელდება. მათ შორის არის, საერთაშორისო ფესტივალებზე და კონკურსებზე მონაწილეობის მიღება. წელსაც კომპანიის მხარდაჭერით, ბოლნისის ღვინოები წარვადგინეთ ამ მნიშვნელოვან ფესტივალზე. ვფიქრობ, მსგავსი მასშტაბის ღონისძიებებში მონაწილეობა კარგი შესაძლებლობაა პირდაპირი კომუნიკაციის დასამყარებლად ევროპის ქვეყნების მომხმარებლებთან“ - განაცხადა არემჯის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერმა, ზურაბ დევდარიანმა.

3 დღის განმავლობაში, ქართული ღვინის საპრეზენტაციო-სადეგუსტაციო სივრცეში მისულ სტუმრებს, ბოლნისის ღვინოებს, იტალიაში ქართული ღვინის ელჩი თამარ ჭიჭიბოშვილი და სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილი აცნობდნენ. ქართული ღვინის ელჩმა ფესტივალის ფარგლებში ორი მასტერკლასი გამართა, რომელიც საქართველოს და ქვევრში ღვინის დაყენების უნიკალურ ტრადიციას ეხებოდა.

მერანოს ღვინის ფესტივალი 1992 წლიდან ყოველწლიურად ტარდება იტალიის ქალაქ მერანოში. ის ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო ფესტივალია და ღვინის სამყაროში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ხუთდღიანი ფესტივალი აერთიანებს მსოფლიოს  საუკეთესო ღვინოების პრეზენტაციებს,  სხვადასხვა ქვეყნის ღვინის დეგუსტაციებს, დაჯილდოებებს, მასტერკლასებს, სემინარებს, მსოფლიოს წამყვანი ღვინისა და იტალიური გასტრონომიის გამოფენებს. მას ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული 1000-ობით ღვინის მწარმოებელი, ექსპერტ, ღვინის მწერალი და ბლოგერი  ესწრება.

გამოგვყევით