ჩვენ მოვიძიეთ ძალიან ძლიერი კომპანია - Dragon Phoenix, რომელიც ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის მარკეტინგს სათავეში ჩაუდგება, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ქართული ღვინისთვის ჩინეთის ბაზარი ძალიან საინტერესოა.
"კოვიდ პანდემიამდე არამარტო ქართული ღვინის, არამედ ზოგადად, ღვინის მოხმარების ბუმი იყო, თუმცა პანდემიის გავლენა საკმაოდ ნეგატიური იყო ამ მიმართულებით. ჩინეთში ღვინის მოხმარება შემცირდა. ჩვენ ჩინეთის ბაზარზე ვაგრძელებდით მუშაობას და ამის შედეგი არის ის, რომ ქართული ღვინის წილი ჩინეთის ბაზარზე გაიზარდა. 2025 წელს ჩინეთის მიმართულებას ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ. Dragon Phoenix-ი ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციას დაიწყებს. აღნიშნულ ქვეყანაში არსებული 5 ღვინის მაგისტრიდან 4 სწორედ ამ კომპანიის თანადამფუძნებელია. გვაქვს იმედი, რომ ჩინეთის ბაზარი წარმატებული იქნება ქართული ღვინისთვის", - აცხადებს ლევან მეხუზლა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ქართული ღვინის მსოფლიო ბაზრებზე პოზიციონირების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული ღვინო ყველა სეგმენტისთვის მისაღებია და ექსპორტის საშუალო ფასი იაფი არ არის.
"ჩვენი ღვინო შეგვიძლია ფაქტობრივად ყველა სეგმენტს შევთავაზოთ. დაწყებული სუპერმარკეტების ქსელიდან, დამთავრებული მიშელინის ვარსკვლავის მქონე რესტორნებით. დიდ ბრიტანეთში უკვე წარმოდგენილია “მარქ ენდ სპენსერის” ქსელში. გაყიდვები უკვე რამდენიმე ათასს შეადგენს. 2025 წელს კიდევ უფრო იმედიანად ვუყურებთ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ის ნიშური პროდუქტი რომელიც არის ბიო ღვინოები და ქვევრის ღვინოები, მაგალითად აშშ-ში ექსპორტის ნახევარს შეადგენს. ამ ყველაფრის ერთობლიობა არის იმის საწინდარი, რომ ქართული ღვინო ყველა სეგმენტში ღირსეულ ადგილს დაიკავებს.
თუ ავიღებთ ექსპორტის საშუალო ფასს, ქართული ღვინო არ არის იაფი და ყოველთვის შედის ხუთეულში. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი ღვინო გავყიდოთ და რაც შეიძლება ძვირად. თუმცა რა თქმა უნდა, გააჩნია სეგმენტს და ქვეყანას. არის ქვეყნები, სადაც რაოდენობის ზრდის ხარჯზე ხდება ექსპორტის ზრდა, თუნდაც ასეთია პოლონეთი. აქ ღვინის მოხმარების ის კულტურა არ არის, რაც აშშ-ში და ბრიტანეთში ქვეყნებში", - აცხადებს ლევან მეხუზლა.