ვთვლი, რომ ჩვენი ფერმერები რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულები არ უნდა იყვნენ და ამისთვის, მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ, - ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის დირექტორმა ნინო ზამბახიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისი თქმით, ექსპორტზე გასვლა საკმაოდ დიდ გამოწვევებთან არის დაკავშირებული, თუმცა ფერმერთა ასოციაცია ამათუ იმ ბაზარზე შესასვლელად ფერმერებს მაქსიმალურად ეხმარება.
"ფერმერთა გაერთიანება და ერთობა ძალიან კარგია როგორც მათთვის, ასევე სახელმწიფოსთვის და ეკონომიკისთვის. სოფლის მეურნეობების კლიმატს სწორედ ასეთი გაერთიანებები აყალიბებენ. ასოციაციაში ამ დროის მონაცემებით 6000-ზე მეტი ფერმერია გაერთიანებული, მათ შორის, მცირე და საშუალო ფერმერები. ჩვენ ვცდილობთ ისინი გავაერთიანოთ ვისაც ქვეყნის ეკონომიკასა და მშპ-ში წვლილი შეაქვთ. იმ ადამიანებს, რომლებიც მცირე სოფლის მეურნეობით არიან დაკავებული, რა თქმა უნდა, მათაც აქვთ ჩვენგან დახმარების რესურსები მიღებული, თუმცა მაინც ვცდილობთ, რომ ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერების წარმოჩენა გავაკეთოთ. როდესაც ჩვენთან წევრიანდებიან მათ რამდენიმე მიმართულება აქვთ, მათ შორის, განათლება, დონორ ორგანიზაციებთან ხელმისაწვდომობა და მესამე იყო მათთვის ბაზრის მოპოვება. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება სხვადასხვა სასტუმროებთან და ასევე, სუპერმარკეტის ქსელებთან, რომლებიც გვიდგანან მხარში და ქართულ პროდუქტს უკეთებენ წარმოჩენას. ეს არის ის მიმართულება, რომელიც ჩვენს ფერმერებს სჭირდებათ და ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ ფერმერებისთვის.
ჩვენ შევქმენით სტანდარტი, რომელიც თანხვედრაშია ევროპულ პირველადი წარმოების სტანდარტთან და ყველანაირად ვცდილობთ, რომ მინიმალური თანხით და მაქსიმალური ჩართულობით ფერმერებს ჰქონდეთ ისეთი ხარისხიანი პროდუქტი, რომლითაც ევროპულ ბაზარზე და არა მხოლოდ, შევლენ და რუსეთის ბაზარზე არ იყვნენ დამოკიდებული. ძალიან ბევრი გამოწვევაა, როდესაც ექსპორტზე ვსაუბრობთ, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, რომ ფერმერებს დავეხმაროთ თუნდაც კონკრეტულ ბაზარზე შესასვლელად. ჩვენთვის ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია პირველადი წარმოება შეესაბამებოდეს იმ სტანდარტს, რომელიც ევროპულ ბაზარს სჭირდება", - აცხადებს ნინო ზამბახიძე.