გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქობულეთში ციტრუსის დაბინავების პროცესს გაეცნო. მინისტრის განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლება აქტიურ კოორდინაციაშია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებასთან, რათა ციტრუსის ჩაბარების პროცესი ეფექტიანად და შეუფერხებლად განხორციელდეს.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელი, უხვი მოსავლის პირობებში, სრულად მოხდეს პროდუქციის დაბინავება. პროცესზე კოორდინაციას ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს, თუმცა აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რათა სრულად იყოს უზრუნველყოფილი მოსავლის დაბინავება და გაიზარდოს ექსპორტის მაჩვენებლები. მიუხედავად დიდი მოსავლისა, რომელიც მიმდინარე წელს დაფიქსირდა, მთავარი პრიორიტეტია ციტრუსის ჩაბარების პროცესი სრულად და ეფექტიანად განხორციელდეს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
„ციტრუსი ერთ-ერთია იმ აგროკულტურებს შორის, რომლის წარმოებაც მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს უკავშირდება. ქართულ ციტრუსზე მოთხოვნა არსებობს როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე, რაც დარგის განვითარების და ფერმერების მხრიდან მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამასთან, რეგიონში ფუნქციონირებს გადამმუშავებელი საწარმოები, რომლებიც იღებენ არასტანდარტულ მანდარინს, რაც დამატებით შემოსავლებს ქმნის“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ექსპორტირებული ციტრუსის ოდენობა 20 ათას ტონას აჭარბებს, რის შედეგადაც მიღებულია დაახლოებით 12 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი. არასტანდარტული ციტრუსის მიმართულებით სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში უკვე გამოყოფილია 4 მილიონი ლარი.