„საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობა, სარწყავი სისტემა და მიწის პროექტის“ (GRAIL) მიწის კონსოლიდაციის კომპონენტის განხორციელების ფარგლებში, საქართველოში იმყოფება FAO-ს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი. სამუშაო ფორმატში ექსპერტები მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს მიწის კონსოლიდაციის განხორციელებასთან დაკავშირებული კვლევების დაგეგმვაზე, რაც მოიცავს მონაცემთა საჭიროებების განსაზღვრას, რუკების მომზადებას, ინტერვიუებისთვის ტრენინგების გეგმის შედგენას და სხვა მოსამზადებელ სამუშაოებს. აღნიშნულ შეხვედრაზე ასევე განიხილეს FAO-ს გუნდის მიერ ჩატარებული პირველადი სამართლებრივი შეფასების შედეგები და მიწის კონსოლიდაციის რეგულირების თაობაზე რეკომენდაციები.
პროექტის ფარგლებში იგეგმება ორ საპილოტე არეალში ფრაგმენტირებული სასოფლო-სამეურნეო მიწების კონსოლიდაცია მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, რასაც წინ უნდა უსწრებდეს სტრატეგიული და სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავება.
მიწის კონსოლიდაცია არის სახელმწიფოს მიერ მართული პროცესი, რომლის დროსაც, მიწის მფლობელებთან შეთანხმებით, ხდება მცირე ზომის მიწის ნაკვეთების გაცვლა ან გაერთიანება. მთავარი მიზანი მიწის ფრაგმენტაციის შემცირებაა, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს ფერმერულ მეურნეობებს, ხელს უწყობს მიწის რესურსების ეფექტიან გამოყენებას და შესაძლებელს ხდის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებას.
მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობა, სარწყავი სისტემა და მიწის პროექტის“ (GRAIL) მიწის კონსოლიდაციის კომპონენტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით მიმდინარეობს.