მნიშვნელოვანია, რომ ღვინო შეესაბამებოდეს მის ეტიკეტს, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ღვინის შემოწმებაში მონაწილე ყველა პირი პროფესიონალი და განათლებით მეღვინე ტექნოლოგია.
"პროცესში ჩართული პირები დამატებით გადამზადებას, ტრენინგებს გადიან, მათ შორის, საკანონმდებლო კუთხით და ღვინის კანონთან შესაბამისობის კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ ის მოლოდინი, რომელიც ეტიკეტით ექმნება მომხმარებელს სრულად უნდა მართლდებოდეს ღვინის შიგთავსით. საქართველოში გვაქვს პოტენციალი, რომ ნებისმიერი მომხმარებლის მოთხოვნა და გემოვნება დავაკმაყოფილოთ და მნიშვნელოვანია, რომ მათ შესაბამისი ღვინო მივაწოდოთ. ჩვენ გვაქვს ნახევრად ტკბილი, კლასიკური, ნატურალური, ტრადიციული, ბიო და უნიკალური დავარგების პოტენციალის მქონე ღვინოები. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ პროდუქტის მიწოდება, რომელიც ამ დარგში შეიძლება იყოს მოთხოვნადი", - აცხადებს ლევან მეხუზლა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, მწარმოებლები პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს, რადგან 8000 წლიანი ისტორია არ არის მხოლოდ ის, რითაც ვამაყობთ, არამედ ეს არის პასუხისმგებლობა, რომ ქართული ღვინო ყველაზე კარგი იყოს.
ცნობისთვის, ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები რეგულარულად ახორციელებენ ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის მონიტორინგს, რათა ათეულ მილიონობით ლიტრი ქართული ღვინო და სხვა ალკოჰოლიანი სასმელი აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს, იყოს კონკურენტუნარიანი და სულ უფრო მეტად მოთხოვნადი.
2025 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, რომლითაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა მოწმდება, 135 კომპანიაში აღებული 561 ნიმუშიდან დარღვევა 8 კომპანიის 11 ნიმუშში აღმოჩნდა.