სახელმწიფოს თანადაფინანსებით მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას ფერმერები 2024 წელსაც შეძლებენ. განაცხადების მიღება მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაიწყება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაცით, აგრარული მიმართულებით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამების შედეგად, ყოველწლიურად იზრდება მსხმოიარობაში შესული ბაღების რაოდენობა, რაც ზრდის მოსავლის ამღებ ტექნიკაზე მოთხოვნას.
მიმდინარე წელს გაზრდილია მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის ჯამური ბიუჯეტი. გასულ წელს, გამოყოფილი იყო 7 მლნ ლარი, წელს ეს თანხა 10 მლნ ლარია.
"იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დიდია პროგრამით დაინტერესება, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების პროცენტულობა განისაზღვრა ღირებულების 30%-ით, მაგრამ არაუმეტეს 150, 000 ლარით. პროგრამის ახალი პირობით, თანადაფინანსებით ყურძნის მოსავლის ამღები ტექნიკის შეძენაც შესაძლებელია.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია თანამედროვე სტანდარტის აგროწარმოების განვითარების ხელშეწყობა, შესაბამისად, ხორციელდება არაერთი პროგრამა, მათ შორის, ფერმერებისათვის სხვადასხვა სიმძლავრის, ახალ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით. 2013 წლიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 7500 ერთეული, 440 მლნ ლარზე მეტი ღირებულების, სხვადასხვა სიმძლავრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და იმპლემენტებია შეძენილი. სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 122 მლნ ლარს აღემატება,"-აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავცრელებულ ინფორმაციაში.