logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"WFER-ს ღონისძიება საქართველოს რეგულირების სფეროს საერთაშორისო რუკაზე აყენებს" - ინტერვიუ ალბერტო პოტოტჩინგთან

თბილისში, ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიების ფარგლებში ენერგეტიკის საკითხებზე ტარდება ტრენინგები და სესიები. ფორუმის მონაწილეები ენერგეტიკის სექტორში არსებულ გლობალურ გამოწვევებს, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებასა და საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებულ საკითხებს განიხილავენ. მასში 100-მდე ქვეყნიდან 700-მდე სტუმარი მონაწილეობს.

ფორუმის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საერთაშორისო გამოცდილებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად. როგორ მუშაობს ენერგეტიკის რეგულირების სისტემა სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე რა როლი აქვს ამ პროცესში ფლორენციის რეგულირების სკოლას - მაკა ქოჩლაძის ინტერვიუ Florence School of Regulation- ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ალბერტო პოტოტჩინგთან. 

  • შეგიძლიათ, უფრო მეტი მოგვიყვეთ ფლორენციის რეგულირების სკოლის შესახებ და მის როლზე ენერგეტიკის რეგულირებისა და პოლიტიკის განვითარებაში?

ფლორენციის რეგულირების სკოლა უკვე 20 წელზე მეტია ფუნქციონირებს. ის ევროპელი მარეგულირებლების ინიციატივით დაფუძნდა, რომელთაც სურდათ ცენტრის შექმნა, სადაც რეგულირების სფეროში ახალი თაობის წარმომადგენლები საუკეთესო პრაქტიკებს შეისწავლიდნენ. დროთა განმავლობაში, სკოლამ თავისი საქმიანობის სფერო გააფართოვა. დღეს ჩვენ არა მხოლოდ მარეგულირებელ ორგანოებსა და მათ თანამშრომლებს ვამზადებთ, არამედ რეგულირების მიმართულებით მომუშავე სხვა პროფესიონალებსაც. ჩვენი სამი ძირითადი მიმართულებაა: ტრენინგები, პოლიტიკის დისკუსიები და კვლევა. პოლიტიკის საკითხებზე გამართული ღონისძიებები გვაძლევს შესაძლებლობას, მუდმივად ვიცოდეთ უახლესი დისკუსიების შესახებ და ეს ცოდნა ჩვენს სასწავლო პროგრამებშიც გამოვიყენოთ. კვლევები კი გვაძლევს საშუალებას, მუდმივად ვფლობდეთ ინფორმაციას რეგულირების სფეროში არსებული უახლესი მიდგომებისა და ტექნიკების შესახებ და ისინი სასწავლო პროგრამებში დავნერგოთ.

  • რა ხდის ფლორენციის რეგულირების სკოლის მიდგომასა და სასწავლო პროგრამებს განსაკუთრებით ღირებულს ენერგეტიკის სექტორის პროფესიონალებისთვის?

უპირველესად, ვცდილობთ, აქტუალური და მნიშვნელოვანი ვიყოთ რეგულირების სფეროსთვის, რასაც რეგულირების პოლიტიკაზე დისკუსიების ორგანიზებით უზრუნველვყოფთ. ამასთან, ჩვენი კვლევების საშუალებით ვცდილობთ, საუკეთესო პრაქტიკები გამოვავლინოთ. ჩვენ არ ვართ ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ტრენინგებს ატარებს, არც ერთადერთი, რომელიც კვლევებს ახორციელებს ან ღონისძიებებსა და სხვადასხვა ტიპის დისკუსიებს აორგანიზებს. თუმცა, ვფიქრობ, ჩვენი უნიკალურობა სწორედ ამ სამი მიმართულების თანმიმდევრულ ჩარჩოში გაერთიანებაშია.

  • პირველად, ფორუმის ფარგლებში, 21 სექტემბრიდან საქართველოში  სასწავლო სესიები ტარდება. რა არის ამ ტრენინგების მთავარი მიზანი და რატომ არის ისინი მნიშვნელოვანი?

ვფიქრობ, ფორუმი ძალიან მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს მარეგულირებლებსა და რეგულირების სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ. კარგია ისიც, რომ ფორუმი ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. ტრენინგის ფარგლებში მოვიწვიეთ ექსპერტები ენერგეტიკის მარეგულირებელთა ევროპული საბჭოდან, ჩრდილოეთ ამერიკის მარეგულირებელი კომისიიდან ასევე რეგულირების სხვა სკოლებიდან თუ ასოციაციებიდან.

  • რა შესაძლებლობებს ქმნის ეს ტრენინგები ქართველი და საერთაშორისო ენერგეტიკის სექტორის პროფესიონალებისთვის ცოდნის გაზიარებისა და პროფესიული განვითარების თვალსაზრისით?

ეს არის შესაძლებლობა, მოისმინონ სხვადასხვა პრაქტიკის შესახებ, გაეცნონ საუკეთესო პრაქტიკებს და მონაწილეებმა გაიაზრონ, როგორ შეიძლება მათი გამოყენება და მორგება მათ ყოველდღიურ საქმიანობაში, როგორც მარეგულირებლების, ისე კომპანიებში მომუშავე რეგულირების სფეროს ექსპერტების შემთხვევაში. ვფიქრობ, ეს არის მთავარი შესაძლებლობა, რომელსაც ტრენინგი და ფორუმი მონაწილეებს აძლევს.

  • რა მნიშვნელობა აქვს ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმს (WFER)  საქართველოსთვის და უფრო ფართო რეგიონისთვის, რა შედეგებს ელოდებით საერთაშორისო ექსპერტებისა და ენერგეტიკის სექტორის პროფესიონალების ერთ სივრცეში შეკრებისგან?

ეს ღონისძიება საქართველოს რეგულირების სფეროს საერთაშორისო რუკაზე აყენებს. ცხადია, ოთხი დღის განმავლობაში ღონისძიების მასპინძლობა მსოფლიოს ვერ შეცვლის, თუმცა ის ფაქტი, რომ საქართველოში ამდენი ექსპერტი და პრაქტიკოსი ჩამოვიდა, ხელს შეუწყობს რეგულირების მნიშვნელობისა და საუკეთესო პრაქტიკის გამოყენების კულტურის გაძლიერებას. ვიმედოვნებ, ეს იქნება ის შედეგი, რომელიც საქართველოში ჩვენი ოთხდღიანი ყოფნის შემდეგაც გაგრძელდება. აქ შეკრებილი საზოგადოება ნამდვილად უნიკალურია და, როგორც უკვე აღვნიშნე, იმედი მაქვს, ქართველი მონაწილეები ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოიყენებენ.

გამოგვყევით