ქვეყნის მასშტაბით სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტული საკითხია. კერძოდ, მთავარი ამოცანაა რომ საქართველოში, რაც შეიძლება მეტი მაღალხარისხიანი სოფლის მეურნეობის პროდუქტი შეიქმნას.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნავს, პირველადი წარმოების პროდუქტის (ნედლეული, დაუმუშავებელი პროდუქტი) ხარისხი მაქსიმალურად დაცულია, ხოლო მეორადი პროდუქტები სურსათის ეროვნული სააგენტოს სტანდარტებს მაქსიმალურად აკმაყოფილებს.
მინისტრის მოადგილის თქმით, ადგილობრივი ბაზარი მხოლოდ პირველადი წარმოების ექსპორტზე ორიენტირებული არ უნდა იყოს. მაგალითად, ხილისგან წარმოებული სასმელის ექსპორტიც აქტიურად უნდა დაიწყოს.
"საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს მრავალწლიანი ისტორია აქვს. სხვადასხვა მიმართულებით სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტია, მაგრამ ამოცანაა - ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი მაღალხარისხიანი სოფლის მეურნეობის პროდუქტი შეიქმნას. აღნიშნულმა პროდუქტმა როგორც ადგილობრივი, ასევე საექსპორტო ბაზრები უნდა დააკმაყოფილოს. კერძოდ, საექსპორტო ბაზრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარდამჭერი პროგრამები, რაც სახელმწიფოსგან ხორციელდება მორგებული ფერმერების ინტერესებზე იყოს. ჩვენი მხრიდან არა ერთი სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება, რომელიც ფერმერების ინტერესების დაფინანსებას მოიაზრებს. პირველადი წარმოების პროდუქტის ხარისხი მაქსიმალურად დაცულია, ხოლო მეორადი პროდუქტები სურსათის ეროვნული სააგენტოს სტანდარტებს მაქსიმალურად აკმაყოფილებს. ამასთან, მხოლოდ პირველადი წარმოების ექსპორტზე ორიენტირებული არ უნდა ვიყოთ, მაგალითად, ხილისგან წარმოებული სასმლის ექსპორტიც უნდა მოხდეს", - აღნიშნავს ნინო თანდილაშვილი.
პირველადი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დეტალურად საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული მიმართულებით არა ერთი პროგრამა არსებობს, რომლის ფარგლებშიც ფერმერებს საშუალება ეძლევათ, თუნდაც თანამედროვე ბაღები გააშენონ.
"პირველადი პროდუქციის წარმოების ხელშესაწყობად არა ერთი პროგრამა გვაქვს, რომელიც ფერმერებს საშუალებას აძლევს, თუნდაც თანამედროვე ბაღები გააშენონ. ქვეყანაში ბოლო წლებში უპრეცედენტო რაოდენობის თანამედროვე ბაღები გაშენდა, რამაც სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოება ხილის მიმართულებით გაზარდა. ასევე მოცვის კულტურების ბაღების გაშენების ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს - ხარისხი მაღალია და ექსპორტი ძირითადად ევროპის მიმართულებით ხდება. ასევე თხილის წარმოება გვაქვს, სადაც სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამა ჰქონდა, რადგან ფერმერებს მაღალი ხარიხის თხილი მოეყვანათ. ამ კონკრეტული პროდუქციის ექსპორტიც ევროპაშია", - აცხადებს ნინო თანდილაშვილი.