სახელმწიფო პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის შესაბამისობის მონიტორინგს აპრილიდან დაიწყებს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ სექტორთან სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.
სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მან ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან კოორდინირებული თანამშრომლობის პრიორიტეტულობის საკითხზეც ისაუბრა.
„გარემოს დაბინძურების მაქსიმალურად შემცირება თითოეული მოქალაქის ინტერესშია; სწორედ ამ მიზანს ემსახურება მიღებული რეგულაციები. სახელმწიფო პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის შესაბამისობის მონიტორინგს აპრილიდან დაიწყებს. მოსამზადებელი დრო არის იმისათვის, რომ პროცესს შევხვდეთ შესაბამისი მზაობით. ბიზნესის დაჯარიმება სახელმწიფოს თვითმიზანს არ წარმოადგენს. როგორც იცით, ლაბორატორიული კვლევები უკვე ჩვენს ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის პროცესის ეფექტიანობას“,- განაცხადა კახა კაკაბაძემ.
შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.