logo
Loading data...

ქვეყანაში, ლურჯი მოცვის წარმოების 30 ათას ტონამდე გაზრდა იგეგმება

ქვეყანაში, ლურჯი მოცვის წარმოების 30 ათას ტონამდე გაზრდა იგეგმება

1715258820

ქვეყანაში ლურჯი მოცვის წარმოება 30 ათას ტონამდე გაიზრდება. ფერმერთა ინტერესი ამ კულტურის მიმართ დღითი დღე იზრდება, შედეგად -  მზარდია გაშენებული პლანტაციების რაოდენობაც.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციაში განუცხადეს, ამ კულტურას ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია, რადგან მოცვი მაღალბიუჯეტური პროდუქტია და საქართველოდან მისი ექსპორტით სულ უფრო მეტი ქვეყანა ინტერესდება. ამაზე ოფიციალური სტატისტიკური მაჩვენებლებიც მეტყველებს, სადაც ექსპორტის მოცულობასა და ღირებულებაში ყოველწლიური მატება ფიქსირდება  - მაგალითისთვის, 2020 წელს, ექსპორტის საერთო მოცულობამ 654 ტონა შეადგინა, ხოლო 2023 წელს ფიქსირდება 500%-იანი ზრდა, რაც 3412 ტონას აღემატება. რაოდენობრივ მაჩვენებელთან ერთად გაზრდილია ექსპორტირებული ლურჯი მოცვის საერთო ღირებულებაც.

რაც შეეხება პროგნოზებს - როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში, ისე საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციაში ელიან, რომ ქვეყანაში ლურჯი მოცვის წარმოება გაიზრდება და თუ ახლა ის წლიურად 5 ან 6 ათას ტონას შეადგენს, მომდევნო წლებში, დაახლოებით კი 2028 წლისთვის, მოცულობა 30 ათას ტონას მიუახლოვდება. გაზრდილი წარმოებიდან გამომდინარე, ქვეყანა ბაზრების დივერსიფიცირებასაც შეძლებს.

დარგის წარმომადგენლების ინფორმაციით, თუ აქამდე საქართველოდან ლურჯი მოცვი, ძირითადად, რუსულ ბაზარზე იყიდებოდა, ახლა ეს ტენდენცია ნელ-ნელა იცვლება და საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციამ გასულ წელს პროდუქტი ევროპულ ბაზრებზეც გაყიდა. წელს ევროპაში ექსპორტზე კიდევ 700-800 ტონა ქართული მოცვი გავა. ევროპული ბაზრების გარდა, საექსპორტო თანამშრომლობა იგეგმება აზიურ სახელმწიფოებთანაც.

ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ საქართველოში მოცვი სულ 5 წელია, რაც ინტენსიურად შენდება, შესაბამისად, ეს არის სრულიად ახალი, არა ტრადიციული კულტურა ქართველი ფერმერებისთვის და ბუნებრივია, ამ პროცესს თან ახლავს გარკვეული გამოწვევებიც. ასოციაციის ინფორმაციით, მთავარი გამოწვევა აგრონომიული ცოდნის დეფიციტს უკავშირდება. ფერმერებმა არ იციან, როგორ მოუარონ ბაღებს და ასოციაციას აგრონომები გამოცდილების გასაზიარებლად პერიოდულად უცხოეთიდან ჩამოჰყავს. ექსპორტის მიმართულებით, დაბრკოლებას წარმოადგენს სამაცივრე მეურნეობების არასაკმარისი რაოდენობაც, რაც ცივი ჯაჭვის შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანია.

ასოციაციის პრეზიდენტი თორნიკე ფანჯავიძე ამბობს, რომ ბაზრების დივერსიფიცირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამაცივრე მეურნეობების დამატებით მოწყობა, რადგან, მოცვი მალფუჭებადი პროდუქტია და შორ მანძილზე მოცვის ექსპორტზე გატანას გამართული ცივი ჯაჭვი სჭირდება.

სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გამოწვევას წარმოადგენს შეფუთვისა და სორტირების ხაზების სიმცირეც ქვეყანაში. მათივე თქმით, ამ გამოწვევებზე  მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და ლურჯი მოცვის მხარდამჭერი პროექტებიც ხორციელდება.

შეგახსენებთ, წლების წინ, ლურჯი მოცვის წარმოება საქართველოში პროგრამის „დანერგე მომავლის“ ფარგლებში დაიწყო. ამჟამად, ქვეყანაში ლურჯი მოცვის ბაღები 2800 ჰექტარამდე ტერიტორიაზეა გაშენებული და პლანტაციების რიცხვი წლიდან წლამდე მზარდია. რაც შეეხება რეგიონებს, სადაც მოცვის მოსაყვანად ხელსაყრელი ნიადაგი და კლიმატური პირობებია, ესენია - სამეგრელო, გურია, იმერეთი და აჭარა..

მარი მელიქიშვილი

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით