logo
Loading data...
მთავარი ტექნოლოგიები

სტატია

"ქართული საბანკო სექტორი მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით გამოირჩევა" - მარიამ ქვრივიშვილი

"ქართული საბანკო სექტორი მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით გამოირჩევა" - მარიამ ქვრივიშვილი

1761202680

"სახელმწიფო საბანკო სექტორის სწორი განვითარების აქტიური მხარდამჭერია. ჩვენი მუშაობის და ჩართულობის შედეგად მივიღეთ არაერთი კანონი, რომელიც ეხება კაპიტალის ბაზრის განვითარების, ღია ბანკინგს და ღია ფინანსებს,  რამაც კაპიტალის ბაზარი 2023 წელს გააორმაგა და დღემდე მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს. ჩვენი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩო რეგიონში გამოირჩევა თანამედროვე მიდგომებით და აბალანსებს, როგორც ინვესტორის დაცულობას, ასევე ბიზნესის მიერ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას" - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა „თბილისის ფინანსური სამიტზე“  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სამიტი, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროსა და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის  (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით იმართება.

მინისტრის შეფასებით, ქართული საბანკო სექტორი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გამოირჩევა მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით.

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი და შესაბამისად, თბილისის ფინანსური სამიტიც რეგიონული და გლობალური დიალოგისა და თანამშრომლობისთვის უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა. ამის ნათელი დადასტურებაა დღის წესრიგში შესული საკითხები, მათ შორის, მომავლის ინოვაციების ციკლი, ბლოკჩეინის და ხელოვნური ინტელექტის როლი ფინანსურ სისტემაში, რეგიონში შესაბამისი რეგულაციებისა და პოლიტიკის გამოწვევები, ინვესტიციების მოზიდვისა თუ შუა დერეფნის პოტენციალის თემატიკა" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა თბილისის ფინანსური სამიტის ორგანიზატორებს - Global Finance and Technology Network-ს, რომელსაც გლობალურ დონეზე ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაში საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის და რომელიც არაერთ ქვეყანაში ატარებს მაღალი დონის ფინტეკ ღონისძიებებს, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. მარიამ ქვრივიშვილმა სამიტის მხარდაჭერისთვის ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნულ ბანკს და ხაზი გაუსვა მათთან ყველაზე მჭიდრო თანამშრომლობას ფინანსურ სექტორში რეფორმების კუთხით.

შეგახსენებთ, თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22 -23 ოქტომბერს ტარდება და მასში მონაწილეობას მაღალი რანგის პოლიტიკური პირები,  ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებენ.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 2015 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ამ პერიოდის განმავლობაში ფორუმი ჩამოყალიბდა საერთაშორისო ბრენდად და მაღალი დონის პლატფორმად სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს შორის დიალოგისითვის, ასევე ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის.

გამოგვყევით