"ხილისა და ბოსტნეულის ასოციაციის" პრეზიდენტის ვახტანგ ბეჟიტაშვილის შეფასებით, რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მხოლოდ ფორმალობაა. ასეთ ქვეყნებად ვახტანგ ბეჟიტაშვილმა თურქეთი და ირანი დაასახელა.
მისივე თქმით, ექსპორტის მიმართულებით ნაწილობრივ პრობლემებია აზერბაიჯანშიც.
"ეს ქვეყნები ფაქტობრივად დაკეტილია. ამ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის კუთხით ცალმხრივი ურთიერთობა გვაქვს, მხოლოდ მათგან შემოდის ძალიან დიდი რაოდენობით პროდუქცია და ჩვენ არ გვაქვს საშუალება, მაგალითად თურქეთში ექსპორტი განვახორციელოთ, ეს დაკეტილი ქვეყანაა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ სხვა დანარჩენი სამეზობლოსთვის. ისინი თავის ბაზარს იცავენ და არ უშვებენ მეზობელი და უცხო ქვეყნებიდან ისეთ პროდუქციას, რომელსაც თვითონ აწარმოებენ - მათ ასეთი პოლიტიკა აქვთ", - აღნიშნა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.
რაც შეეხება ევროკავშირის ბაზარს, ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული ბაზარი ღიაა, თუმცა იქ მაღალი სტანდარტებია, რაც ექსპორტის განხორციელების მსურველმა მწარმოებლებმა უნდა დაიცვან.
"რა თქმა უნდა ევროკავშირის ბაზარი თურქეთთან შედარებით ღია ბაზარია, ისინი გარკვეულწილად იცავენ თავიანთ პროდუქციას, მაგრამ ასე ღიად არა. ჩვენ გვაქვს ამის მაგალითი, კონკრეტულად ვაშლატამა და ატამი შევიტანეთ ევროკავშირის ბაზარზე, ასევე მწვანილი შედიოდა და წელსაც იყო გარკვეული წინსვლა, მოცვის ექსპორტი ხორციელდება ევროკავშირის ბაზარზე და იმ შემთხვევაში თუ საქართველოში იქნება მაღალი ხარისხის პროდუქცია და შესაბამისი რაოდენობები, ჩვენ დღესაც ღია გვაქვს ევროკავშირის ბაზარი და მეწარმეებს შეზღუდვა არ აქვთ", - განაცხადა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.
მან რუსეთის ბაზარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არასტაბილურია, შესაბამისად, მეწარმეებისთვის, გრძელვადიან პერსპექტივაში ბაზრების დივერსიფიცირება მნიშვნელოვანია.
"როდესაც ისეთი ბაზრის შესახებ ვსაუბრობთ, როგორიცაა ევროკავშირის ბაზარი, იქ ძალიან მაღალი დონის სტანდარტებია, ასევე შეფუთვას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, შესაბამის ტემპერატურაზე შენახვას, მოგეხსენებათ მალფუჭებადი პროდუქციაა. ეს ყველა სტანდარტი საქართველოში, წინა წელთან შედარებით, გაუმჯობესებულია, თუმცა არ არის დამაკმაყოფილებელი და იმ დონის, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის ბაზარს. ამის ხელის შემშლელი პირობები მრავალია, მათ შორის ერთ-ერთი პირობაა, რომ ჩვენი ექსპორტიორები მაინც ორიენტირებულები არიან ახლო ბაზრებზე, სადაც გადის პროდუქცია ყოველგვარი ხარისხობრივი და შეფუთვის მაღალი სტანდარტების მოთხოვნის გარეშე, ანუ რუსეთის ბაზარზე იყიდება ყველანაირი ხარისხისა და შეფუთვის პროდუქცია, ექსპორტიორები კი ცდილობენ, რაც შეიძლება მალე გაყიდონ, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ბაზარი არ არის სტაბილური. რუსეთში ეკონომიკური ზრდა უკვე ნულზე ჩამოვიდა და შესაბამისად ძალიან დიდი რისკია, დივერსიფიცირების არ ქონის შემთხვევაში, ჩვენი მეწარმეები პროდუქციის გასაღების კუთხით დიდი პრობლემის წინაშე დადგნენ", - განაცხადა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში.