კომპანია "დანინო", რომელიც ჩვილი ბავშვებისთვის საჭირო ნივთების კალათას ამზადებს, ადგილობრივ ბაზარზე ერთთვიანი ოპერირების შემდეგ ასორტიმენტის გაფართოებას რამდენიმე კვირაში გეგმავს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი, მარიამ ბიჭიკაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ამჟამად, არსებულ დიდი მოცულობის კალათას პატარა მოცულობის, დაბალბიუჯეტური ნაკრები დაემატება, რადგან პროდუქტი პოტენციური მომხმარებლებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
"ჩვილებისთვის კალათებს ვამზადებთ, სადაც პოტენციურ მშობლებისთვის საჭირო ნივთების ნაკრებია მოთავსებული - ბოდე, პირსახოცი, პლედი, წინსაფარი და ა.შ. კალათაში ჯამში, 12 ნივთს შეხვდებით. ამასთან, ნედლეულს ადგილობრივ ბაზარზე ვყიდულობ. გაყიდვები სოციალური ქსელის საშუალებით გვაქვს. პროდუქტის ფასი 269 ლარია, აღნიშნულ ღირებულებაში ასევე, პერსონალური გრავირება შედის. ასორტიმენტის გაზრდას ვაპირებ, მინდა შედარებით პატარა, დაბალბიუჯეტური კალათები დავამატო, პროექტის საინვესტიციო ღირებულებას, ვერ გეტყვით, რადგან ამჟამად, კალკულაცია მიმდინარეობს.
1 თვის განმავლობაში რამდენიმე კალათა გავყიდე. მოგეხსენებათ, ბაზარზე დამწყები ვართ, შესაბამისად, აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას ვაწარმოებ, რათა მყიდველების რაოდენობა მაქსიმალურად გავზარდო.
კონკურენციას, რაც შეეხება ჩვილი ბავშვის ტანსაცმელი, რა თქმა უნდა, გაყიდვადია, თუმცა აღნიშნული ბრენდირებით წარმოდგენილი მხოლოდ "დანინოა", ამიტომ ვფიქრობ, წარმატებული სეზონი გვექნება. უნივერსალური პროდუქტია და სამომავლოდ, ვვარაუდობ მყიდველების ერთი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობა იქნება, მეორე ნაწილი კი, ქვეყანაში მცხოვრები უცხოელები", - აღნიშნავს მარიამ ბიჭიკაშვილი.
ცნობისთვის, კომპანია "დანინო" ჩვილი ბავშვებისთვის საჭირო ნივთების კალათას ამზადებს. ნაკრების შემადგენლობაში ჯამში 12 ნივთია.