სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, სამუშაო ვიზიტით, ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსამრეწველო კომპლექსის სახელმწიფო ინსპექციის სახელმწიფო დაწესებულება „რესპუბლიკური მცენარეთა კარანტინის ცენტრის“ ფიტოსანიტარიული რისკის ანალიზისა და ლაბორატორიული ექსპერტიზის განყოფილების წარმომადგენლები ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილეს ნოდარ ხატიაშვილს, რისკის შეფასების სამსახურის ხელმძღვანელს და სამსახურის სპეციალისტებს შეხვდნენ. ცენტრის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს გააცნეს საქართველოში დანერგილი ფიტოსანიტარიული რისკის ანალიზის სისტემა და მისი პრაქტიკული განხორციელების გამოცდილება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებსა და თანამედროვე სამეცნიერო მიდგომებს ეფუძნება.
ყაზახეთის დელეგაციის წევრები ცენტრის ჯიღაურას ბაზაზეც იმყოფებოდნენ, სადაც მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტი დაათვალიერეს და მცენარეთა დაცვის ლაბორატორიის მუშაობას, კვლევით მიმართულებებსა და გამოყენებულ მეთოდოლოგიებს გაეცნენ. აღსანიშნავია, რომ, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ყაზახი სტუმრები იმყოფებოდნენ სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოში და სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, სადაც გაეცნენ ქვეყნის ფიტოსანიტარიული კონტროლისა და ლაბორატორიული კვლევების სისტემას.
ვიზიტი მიზნად ისახავდა გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული კავშირების გაღრმავებას და ფიტოსანიტარიული რისკების ანალიზის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას.