მაგიდის სპონტანური ჯავშნების აპლიკაცია DineRush-ი აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე გასვლას ახალი წლიდან გეგმავს, - ამის შესახებ DineRush-ის თანადამფუძნებელმა სალომე კაჭარავამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, პირველი ქვეყანა პოლონეთი იქნება, რადგან აღნიშნული ბაზარი ღიაა ინოვაციებისა და სიახლეების მიმართ.
"DineRush-ი არის აპლიკაცია მაგიდის სპონტანური ჯავშნებისთვის ექსკლუზიური შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით. მსოფლიო ბაზარზე არსებობს სხვადასხვა რეზერვაციის აპლიკაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ მაგიდის ჯავშანს, თუმცა არანაირი ფასდაკლებით და არანაირი ექსკლუზიური შეთავაზებებით. სწორედ იმაში მდგომარეობს DineRush-ის ინოვაციურობა, რომ ხელოვნური ინტელექტი აანალიზებს გარემო-პირობებს, მომხმარებელთა პრეფერენციებს და რესტორანს ამის მიხედვით სთავაზობს ფასდაკლებებსა და ექსკლუზიურ შეთავაზებებს, რომ ხელმისაწვდომი გახადონ მომხმარებლებისთვის და ამით დაასტიმულირონ მათი შემოსავლები.
ამ ეტაპზე ორიენტირებულები ვართ, რომ რაც შეიძლება მეტი უკუკავშირი მივიღოთ როგორც რესტორნების, ისე მომხმარებლების მხრიდან, რათა დავხვეწოთ პლატფორმა და ყველა მხარისთვის კომფორტული გავხადოთ. ახალი წლის პერიოდიდან კი ვფიქრობთ, რომ გავიდეთ აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე. პირველ რიგში ვაპირებთ, რომ შევიდეთ პოლონეთში, რადგან იქ ბაზარი ძალიან დიდია და ქვეყანა ღიაა ინოვაციებისა და სიახლეების მიმართ. პოლონეთი არის ის ადგილი, სადაც DineRush-ს განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს", - აცხადებს სალომე კაჭარავა.
სალომე კაჭარავას თქმით, საქართველოს ბაზარზე აპლიკაცია უკვე 6 თვეა, რაც სატესტო რეჟიმში მუშაობს და ამ ეტაპზე, DineRush-ი 100-მდე რესტორანთან თანამშრომლობს.
"ერთ მხარეს გვყავს მომხმარებლები, ხოლო მეორე მხარეს რესტორნები. ადამიანები დღეს ისეთი დატვირთული ტემპით ვცხოვრობთ, რომ არ გვაქვს შესაძლებლობა წინასწარი გადაწყვეტილებები მივიღოთ, ამიტომ ხშირად გვიწევს სპონტანური დაგეგმვა და გადაწყვეტილებების მიღება. თუ ეს ეხება სარესტორნე ქსელს და არ ვიცით სად წავიდეთ, DineRush-ის საშუალებით შეგვიძლია ვნახოთ სად არის თავისუფალი ადგილი, ან ჩვენთვის მისაღები შეთავაზება და აპლიკაციის მეშვეობით დავჯავშნოთ მაგიდა.
სწორედ ადამიანების დატვირთული ცხოვრების ტემპის გამო ხშირად არის შემთხვევა, როდესაც ვაუქმებთ ჯავშნებს, ან არ ვცხადდებით რესტორანში. ეს არის უდიდესი დანაკარგი რესტორნისთვის. რესტორნის საერთო შემოსავლის 20%. არც ერთი რესტორანი არ არის სრულად დატვირთული ყოველ დღე, ამიტომ რესტორნებს შევთავაზეთ გადაწყვეტა. მათ ძალიან მარტივად შეუძლიათ DineRush-ის დაერთება თავიანთ სამართავ სისტემაზე და ერთ ღილაკზე ხელის დაჭერით რესტორანი ირჩევს რომელი შეთავაზებაა მათთვის ხელსაყრელი, რომელიც შემდგომ უჩანთ მომხმარებლებს. სულ რაღაც 6 თვეა რაც ბაზარზე სატესტო რეჟიმში ვართ, თუმცა ამ ეტაპზე 100-მდე რესტორანთან ვთანამშრომლობთ. ყოველდღიურად DineRush-ი ჯამში, 125 რეზერვაციას ახორციელებს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ყველა რესტორანი უკვე გადასულია გაციფრულების ეტაპზე, ცდილობენ რაც შეიძლება მალე აუწყონ თანამედროვეობას ფეხი და ხელი შეუწყონ შემოსავლების ზრდას.
ვფიქრობთ, რომ მომდევნო თვიდან გადავალთ რეალურ გარემოზე და აღარ ვიქნებით სატესტო რეჟიმში", - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, სტარტაპი GITA-ს 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია.