logo
Loading data...
მთავარი სტარტაპი

სტატია

პლატფორმა, რომელიც ქართულ ღვინოებს საინვესტიციო პროდუქტად აქცევს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ნოემბრიდან იქნება - DigiWine

პლატფორმა, რომელიც ქართულ ღვინოებს საინვესტიციო პროდუქტად აქცევს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ნოემბრიდან იქნება, - ამის შესახებ სტარტაპის DigiWine-ის დამფუძნებელმა ლევან ილაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ეს პლატფორმა ქართველ ღვინის მწარმოებლებს ახალი გაყიდვის არხების პოვნაში დაეხმარებათ.

"ჩვენი პლატფორმის მეშვეობით ინვესტორებს შესაძლებლობა აქვთ საკოლექციო ღვინოები შეიძინონ და ასევე, შეინახონ ჩვენთან.  ფასის ზრდასთან ერთად მათი პორტფელის ღირებულებაც გაიზრდება და თუ გაყიდვის სურვილი ექნებათ, შეეძლებათ პლატფორმაზევე გადაყიდონ. სამომავლოდ ვაპირებთ მეზობელი ქვეყნებიდან, კერძოდ, სომხეთიდან დავამატოთ საკოლექციო ბრენდი.

ჩვენს პლატფორმაზე ვათავსებთ სხვადასხვა საკოლექციო ღვინოს, რომელსაც ქართველი და არამხოლოდ ქართველი მწარმოებლები უშვებენ.

შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი იღებს ციფრულ აქტივს, რომელსაც ინახავს თავის საფულეზე და ჩვენი პლატფორმის მეშვეობით შეუძლია გაყიდოს. თუ აქამდე დაინტერესებულ პირებს სჭირდებოდათ საკუთარი საცავის ქონა, ან უწევდათ ლოგისტიკური პრობლემების მოგვარება, დღეს შეუძლიათ შემოვიდნენ ჩვენთან, აირჩიონ რომელი ღვინის ან სხვა სასმლის ყიდვა სურთ და ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა ეტაპს მათ ნაცვლად.

1 წლის განმავლობაში ჩვენი გეგმაა 5000-მდე მომხმარებლამდე გასვლა და ჯამურად გვინდა, რომ 4 მლნ.დოლარის საკოლექციო ღვინოები გავყიდოთ.

ძირითადად ევროპისკენ გვაქვს გეზი აღებული. მთლიანად პროდუქტი გათვლილია იმაზე, რომ უცხოელებს გაუმარტივდეთ საქართველოში და ქართულ პროდუქციაში ფულის ჩადება. საქართველოში არ მგონია, რომ დიდი ინტერესი გამოიწვიოს ამან, რადგან არ არიან ამ მხრივ ინსვესტიციების მოყვარულები. შესაბამისად, საკმაოდ გაჭირდება საქართველოში ამ პროდუქტის გაყიდვა და არც ვაპირებთ დიდი მარკეტინგული რესურსი დავხარჯოთ საქართველოს შიგნით", - აცხადებს ლევან ილაშვილი.

ცნობისთვის, სტარტაპი GITA-ს 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია. 

გამოგვყევით