„მაგთიკომი" და მისი შვილობილი კომპანია შპს „დელტა კომმი" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც "ბიზნესპარტნიორი" უცვლელად გთავაზობთ:
"იმისათვის, რომ აბონენტებს მივაწოდოთ ფიქსირებული ინტერნეტისა და ტელევიზიის მომსახურება, ჩვენ მიერ რეგიონებში გამოყენებულია სს „ენერგოპრო ჯორჯიას“ ელექტრომომარაგების ბოძები. ბუნებრივია, აღნიშნულზე არსებობს შესაბამისი ხელშეკრულება და ჩვენ ჯეროვნად ვასრულებთ მის პირობებს, მათ შორის, ვიხდით შეთანხმებულ საფასურს. წინასაახალწლო პერიოდში სს „ენერგოპრო ჯორჯიამ“ გადაწყვიტა, რომ ხელოვნურად შექმნას დაბრკოლებები საკუთარ ქსელში (ელექტრომომარაგების ბოძებზე) დაშვებაზე, რაც გამოიხატა გარკვეული შეზღუდვების დაწესებაში, კერძოდ, შეზღუდვა თავდაპირველად შეეხო ახალი აბონენტების ჩართვას, ხოლო შემდგომ უკვე მომსახურების პროცესში გამოვლენილი დაზიანებების აღდგენისათვის დაშვების შერჩევითი და დროში გაჭიანურებული „სამუშაო" პროცესის დადგენას.
ხელოვნური შეზღუდვების შედეგად დღეს მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვახორციელოთ ახალი აბონენტის ჩართვა ან სერვისზე დაფიქსირებული დაზიანების აღდგენა, თუ ამისათვის აუცილებელია სს „ენერგოპრო ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ელექტრომომარაგების ბოძზე დაშვება.ახალი წლის პერიოდში შეზღუდვების დაწესება ხელოვნურად ამძაფრებს მოსახლეობის უკმაყოფილებას. შესაბამისად, სრულიად მიზანმიმართულად ხდება ნეგატიური განწყობების შექმნა.
მოვუწოდებთ სს „ენერგოპრო ჯორჯიას“, ნუ დატოვებს მოსახლეობას ინტერნეტისა და ტელევიზიის გარეშე,"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.