Skillwill-ის წარმატებული კურსდამთავრებულების ისტორიები - ხელოვნებისა და ბიზნესის სფეროდან ტექნოლოგიებში გრძელდება.
როგორ მიიღო პროფესიის შეცვლის გადაწყვეტილება, რა როლი ითამაშა საკუთარ ბიზნესში დაგროვილმა გამოცდილებამ ციფრული სფეროს მიმართ ინტერესის გაღრმავებაში, რატომ აირჩია Front-end დეველოპმენტი და როგორ ხედავს მომავალს ტექნოლოგიებში? - პასუხები „ბიზნესპარტნიორის“ ყოველკვირეულ რუბრიკაში - „ისწავლე, რაც მართლა გამოგადგება“. რუბრიკის შემდეგი სტუმარი ნატალია ქავთარაძეა.
"პროგრამირებაში ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ მაძლევს თავისუფლებას, არის განვითარებადი პროფესია და შემიძლია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ვიმუშაო დისტანციურად.
პროგრამირებამდე ჩემი გზა ტრადიციული არ ყოფილა. პროფესიით ვარ მუსიკოსი და წლების განმავლობაში ხელოვნების სფეროში ვიმუშავე. შემდეგ, დავინტერესდი ბიზნესით და ეკონომიკით. ვიმუშავე რამდენიმე წელი ერთ-ერთ კომერციულ ბანკში, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებში, თუმცა მივხვდი, რომ ეს რუტინული საქმე ჩემთვის ძალიან დამთრგუნველი იყო და სულ ვეძებდი ისეთ სფეროს, რომელიც განვითარებადი და თანამედროვე სამყაროსთან მჭიდრო კავშირში იქნებოდა.
რაც შეეხება ტექნოლოგიურ სფეროს, ყოველთვის იყო ჩემს ინტერესთა არეალში. პარალელურად, დავიწყე საკუთარი ბიზნესი და სწორედ ბიზნესის წარმოების პროცესში მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია ციფრული პროდუქტები, ტექნოლოგიური აზროვნება და მინდოდა ვყოფილიყავი არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ თვითონ შემექმნა პროდუქტი.
თავიდან საკუთარი ძალებით დავიწყე - ინტერნეტში მოძიებული რესურსებით სწავლა. შევისწავლე HTML, CSS, JAVA SCRIPT-ის საბაზისო თემები, თუმცა თვითდისციპლინა არ აღმოჩნდა საკმარისი სირთულეების გასამკლავებლად და საჭირო იყო უფრო კომპლექსური სწავლა.
Skillwill-ის შესახებ სოციალური ქსელიდან შევიტყვე, დავრეგისტრირდი და ვსწავლობ 100%-იანი დაფინანსებით. ამ ეტაპზე გავდივარ Front-end დეველოპმენტს, კერძოდ, Advanced React-ს. სწავლის ეტაპზე ვარ - შესასწავლი მაქვს სერვერთან კომუნიკაცია, მონაცემების მიღება, გაგზავნა, დებაგინგი, ტესტირება.ჩემთვის, სწავლების პროცესი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, რადგან ყოველი ახალი თემა შეგიძლია პრაქტიკაში დანერგო და როდესაც ხედავ, რომ შენს მიერ დაწერილი კოდი რეალურ შედეგს იძლევა, ეს ძალიან მამოტივირებელია. ასევე ძალიან საინტერესო და კომფორტულია ონლაინ სწავლება. ყოველი ჩატარებული ლექცია იტვირთება Skillwill-ის პორტალზე. ასევე, ძალიან მნიშვნელოვან გამოცდილებას ვიღებ ჯგუფური სამუშაოების დროს, რადგან რეალურ პროექტებთან მიწევს შეხება და რეალურ პრობლემებს ვეჯახები. ამ პრობლემების გადაწყვეტაში კი პროფესიოულად ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდები.
ამ ეტაპზე აქტიურად ვსწავლობ React-ს. რამდენიმე პატარა პროექტიც მაქვს გაკეთებული და სხვათა შორის აღმოვაჩინე საინტერესო მსგავსება მუსიკასა და პროგრამირებას შორის - ორივე მოითხოვს კომპლექსურ აზროვნებას, დეტალებზე ყურადღებას, კრეატიულ აზროვნებას და მაღალ ემოციურ ინტელექტს. კომპოზიციაში როდესაც ერთი ნაწილი არასწორია, ჰარმონია ირღვევა. ასევეა კოდშიც, ერთი არასწორი წერტილ-მძიმეც კი იწვევს კოდის არასწორ მუშაობას და ბაგს.
სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, მინდა გავხდე full stack developer, შევისწავლო Back End-ის ენაც და შევქმნა ისეთი პროდუქტები, რომლებიც არა მხოლოდ მე გამიადვილებს საქმეს, არამედ სხვა ადამიანებისთვისაც გამოსადეგი იქნება. ასევე, ძალიან საინტერესო იქნება ჩემთვის ხელოვნური ინტელექტის და შემოქმედებითი სფეროების კვეთა და სწორედ ამ მიმართულებით მინდა მომავალში მუშაობა. ხოლო, გრძელვადიან მიზნებს რაც შეეხება, უფრო ამბიციური მიზნები მაქვს - მინდა შევქმნა ისეთი ღირებულება და ვიდგე იმ ადამიანების გვერდით, იმ ქალბატონების გვერდით, რომლებიც ტექნოლოგიებში მომავალს ქმნიან,"- აცხადებს ნატალია ქავთარაძე.