"საქპატენტი" საპატენტო ინფორმაციის მოძიებისთვის ოთხ ახალ სერვისს დაამატებს.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით, მომხმარებლებს შეეძლებათ გადაამოწმონ ინფორმაცია კონკრეტული გამოგონების შესახებ, მათ შორის მოიძიონ მონაცემები, რომლებიც სიახლისა და პატენტისთვის საჭირო მოთხოვნების შეფასებაში დაეხმარებათ.
ასევე შესაძლებელი იქნება, კონკრეტული პატენტის მფლობელის ან განმცხადებლის მოძიება და იმის შეფასება, ხომ არ შეიძლება პროდუქტის ან ტექნოლოგიის გამოყენებამ სხვა პირის საპატენტო უფლებების დარღვევის რისკი შექმნას. ასევე შესაძლებელი იქნება მსგავსი ან ერთმანეთთან დაკავშირებული პატენტების მოძიება. სერვისები ფასიანი იქნება. მომხმარებელს კი მათი მიღება სტანდარტული ან დაჩქარებული წესით შეეძლება.
ცვლილების ამოქმედება 2027 წლის იანვრიდან იგეგმება.
როგორც პროექტის ავტორი განმარტავს, ცვლილება განკუთვნილია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მომხმარებლებისთვის და მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას, გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯების თავიდან აცილებასა და გამოგონებების და
სასარგებლო მოდელების დაცვის დონის გაუმჯობესებას.
"ახალი სერვისების დანერგვა საჭიროა ინტელექტუალური საკუთრების სამართლებრივი დაცვის ხარისხის ამაღლებისა და მომხმარებლების კომერციული საქმიანობის რისკების შემცირების მიზნით. აღნიშნული სერვისები ხელს უწყობს მომხმარებლის მიერ საპატენტო გარემოს უკეთ გაანალიზებას, ახალი პროდუქტის ან ტექნოლოგიის ბაზარზე განთავსებამდე რისკების შეფასებას, საინვესტიციო პროცესის უსაფრთხოების გაზრდას, უცხოურ ბაზრებზე ინტელექტუალური საკუთრების დაცვასა და ინფორმირებული კომერციული გადაწყვეტილებების მიღებას. ამასთან, ახალი სერვისები ხელს შეუწყობს მომხმარებელთა ინტერესებისა და უფლებების დაცვას", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.