logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

საქართველოდან 110 საჰაერო ხაზზე 54 ავიაკომპანია დაფრინავს

წელს 8 თვეში საქართველოს აეროპორტები 5 მლნ-მდე მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 26%-ით, ხოლო პანდემიამდელ ნიშნულს 35%-ით აღემატება - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალექსანდრე გაჩეჩილაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონი კვლავ გრძელდება და ამჟამად, 54 ავიაკომპანია დაფრინავს 110 საჰაერო ხაზზე.

„ზოგადად, უაღრესად აქტიური სანავიგაციო სეზონი გვაქვს. მგზავრთნაკადის რაოდენობაც ისტორიულ მაქსიმუმზეა. ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ თვე-ნახევარია დარჩენილი. ზამთრის სეზონს რაც შეეხება, ვიმედოვნებთ, რომ უკვე არსებული ავიაკომპანიების უმეტესობა გააგრძელებს ოპერირებას და დაგვემატება ახალი ავიაკომპანიები, შესაბამისად, უფრო მეტად აქტიური იქნება ზამთრის სეზონი” - აცხადებს ალექსანდრე გაჩეჩილაძე.

მისივე თქმით, სამგზავრო მიმართულებით ახალი ავიაკომპანიების მხრიდან არსებობს დაინტერესება როგორც ევროპის, ასევე აზიის მიმართულებებზე.

„უფრო კონკრეტულ ინფორმაციას გავაჟღერებთ ფრენის ნებართვების გაცემის შემდეგ. მაგალითად, შეხვედრა გვქონდა ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანია "ეარ ჩაინასთან", რომელიც წელს აპირებს სამგზავრო ფრენების დაწყებას ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით. განვიხილეთ ფრენის დაწყების ტექნიკური დეტალები. კომპანია საკმაოდ აქტიურ კომუნიკაციაშია სააგენტოსთან ფრენის ნებართვის მიღების კუთხით. კონსულტაციებიც აქტიურ რეჟიმში გრძელდება“ - აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე „ბიზნესპარტნიორთან“.

გამოგვყევით