logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

საქართველოს ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss შემოდის

საქართველოს ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss შემოდის

1730280957

2025 წლის აპრილიდან, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია დაიწყებს ოპერირებას.

Lufthansa-ს გლობალურ საავიაციო ჯგუფში შემავალი ავიაკომპანია Edelweiss ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 2025 წლის 12 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავიაკომპანიასთან ორ წლიანი აქტიური მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.

,,2025 წლიდან თბილისის მიმართულებით კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია დაიწყებს ოპერირებას. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მოლაპარაკება ავიაკომპანიასთან წარმატებით დასრულდა და საქართველოს ავიაბაზარზე, გლობალური საავიაციო ჯგუფის წარმომადგენელი კიდევ ერთი ავიაკომპანია შემოდის.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ციურიხი - სრულიად ახალი მიმართულებაა საქართველოს საავიაციო ბაზრისთვის. ისტორიულად ამ მიმართულებით  აქამდე ჩვენი არცერთი აეროპორტიდან არ განხორციელებულა ფრენები. ავიაკომპანია Edelweiss ძირითადად საკურორტო მიმართულებით ოპერირებაზეა ორიენტირებული. შესაბამისად, ჩვენს მიზანს შვეიცარიიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების მოზიდვა წარმოადგენს," - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

Edelweiss 29 წლის წინ დაფუძნებული შვეიცარიული Swiss International Airlines-ის შვილობილი ავიაკომპანიაა, რომელიც  Lufthansa ჯგუფის მფლობელობაში შედის. ის ფრენებს ციურიხის ბაზიდან ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის კონტინენტზე 90 მიმართულებით ასრულებს. ბილეთების ყიდვა Edelweiss-ისა https://www.flyedelweiss.com/de/en/home.html და Swiss International Airlines-ის https://www.swiss.com/xx/en/homepage  ვებგვერდებზე უკვე შესაძლებელია.

გამოგვყევით